- სწორედ ასე თქვა. ხვალ კი, გამთენიისას, ძინაის მაგიერ მე მომკვეთენ თავს. ო, დედაო-წმინდავ, მარია-სამა როგორ ვიტანჯე ეს ორი წელი. ძინაისთვის სიკეთის გადახდის სურვილი მახრჩობდა, სიკეთისა იმდენად არა, რამდენიც წყენინების, მაგრამ სად მეპოვა ძინაი? სად იყო? რას აკეთებდა? იცოდა ვინმემ განა? ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორი იყო შესახედავად? არც ეს უწყოდა არავინ. მე რომ ბერი შემომხვდა, ტანმორჩილი იყო, ასე, ორმოციოდე წლის. მაგრამ ის, ვინაც დაიარებოდა იანაგიმატის თავშესაქცევი სახლების კვარტალში, განა ოცდაათი წლის მოხეტიალე სამურაი არ იყო, ყირმიზ სახეს ულვაშები რომ უმშვენებდა? ახლა, წელში ოთხად მოკაკული წითური უცხოელი, რომელმაც, როგორ ამბობენ, ჩაშალა კაბუკის თეატრის წარმოდგენა? შუბლზე კულულებჩამოყრილი ყმაწვილი სამურაი, მეკოკუძის ტაძრიდან განძი რომ წარიტაცა?.. თუ ისე ჩავთვლით, რომ ყველაფერს ამას ძინაი სჩადიოდა, მაშინ მისი ნამდვილი სახის დადგენა აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავის ძალებს… ამასობაში სისხლის ღებინებაც დამეწყო, გასული წლის ბოლოდან ასე ვარ.
არა. დამცირებას არ შევარჩენ. რაიმეთი უნდა გადავუხადო. ძვალი და ტყავი დავრჩი, სინათლე გამდიოდა ლოყებში, მე კი ამაზე ვფიქრობდი დღე-ნიადაგ. და აი, ერთხელ ღამით ბრწყინვალე აზრი დამებადა. ო, მარია-სამა! ო, მარია-სამა! ეს აზრი უდაოდ შენმა სიკეთემ ჩამაგონა. სისულელეა არ გეთმობოდეს სისხლის ნთხევით განაწვალები, ჩამომხმარი სხეული, საკმარისია შეელიო მას და აგიხდება ნანატრი. იმ ღამით ჩემთვის ვიცინოდი სიხარულისაგან და დილამდე ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: "მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად!”
მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! – რა დიდებული სიტყვებია! მაშინ, თქმა აღარ უნდა, ჩემთან ერთად კვალიც გაქრება მთელი მისი ნამოქმედარის და ძინაის შეეძლება, თავაწეული იარებოდეს მთელ იაპონიაში. მე კი… (ისეც იცინის). მე კი ერთ ღამეში სახელგანთქმული ყაჩაღი გავხდები. ვინაც სუკეძაემონს ახლდა ლუსონში, ვინც მოჩეხა კიარას ხე ბიძენის პროვინციაში, ვინაც ახლობელი იყო რიკიუ-კოძისა, ვინაც დასტყუა მარჯანი სიამუროას, ვინაც გაძარცვა ფუსიმის ტაძრის ვერცხლეულის საგანძური და ვინაც მიკავას რვა სამურაი მოუსავლეთში გაამგზავრა… აწ მე მეკუთვნება ძინაის სახელოვნება (იცინის მესამედ), თან გადავარჩენ, თანაც მოვსპობ მის სახელს, ჩემი ოჯახისათვის გაწეულ სიკეთეს ვუზღვავ და შურსაც ვიძიებ შეურაცხყოფისათვის. გულს მოვიოხებ ყოველნაირად. რა დასამალია, ნურც გაიკვირვებთ, მთელი ღამე ვხარხარებდი სიხარულისაგან. ახლაც, ამ ბნელეთშიაც ჩემს ბაგეს ღიმილი არ სცილდება.
ცბიერი განზრახვა მქონდა. ავდექი და იმპერატორის სასახლეში შევიპარე ქურდობის მიზნით. მახსოვს, ბინდიანი საღამო იყო. ბამბუკის თახჩაფუჩებს შორის კრთოდა სინათლე, ფიჭვნარი თეთრად მოსადაფულიყო ყვავილებით. ტალანის სახურავიდან უკაცურ ბაღში გადავეშვი თუ არა, წამსვე, როგორც ველოდი, მოყარაულე სამურაებმა მტაცეს ხელი და ახდა, ახდა მაშინ ნანატრი. ერთმა წვეროსანმა სამურაიმ, რომელმაც დამცა და მაგრად გამკოჭა, ძლივს არ ვიგდეთ ხელთ ეს ძანაიო, ხვნეშით ამოთქვა. ასეც ველოდი. აბა, ძინაის გარდა ვინ გაბედავდა სასახლეში შეპარვას საქურდლად? ეს სიტყვები რომ ჩამესმა, მიუხედავად იმისა, თოკები ძვლამდე მქონდა ჩაჭედილი, უნებურად გამეღიმა.
"ეგღა მაკლია შენს იმედად ვიარო!” – ასე არ მითხრა?! მაგრამ მე ხვალვე ძინაის მაგიერ ამიგებენ წესს. ო, რა სიამით მივახლიდი ამ ამბავს ძინაი ბატონს. ხვალ ჩემი მოკვეთილი თავი დაელოდება მის მობრძანებას და ძინაი აუცილებლად იხილავს ჩემს ბაგეზე შეყინულ სიცილს. "რაო? სიკეთისათვის გადაგიხადა თუ არა იასაბურომ? – აი, რას ამცნობს მას ეს სიცილი, – შენ ამიერიდან ძინაი აღარა ხარ. ძინაი აგერა, ეს თავია! იგია ახლა მთელს იაპონიაში სახელგანთქმული ქურდი”. (იცინის). ო, რა ბედნიერი ვარ! პირველად ვარ ასე ბედნიერი მთელ სიცოცხლეში.
მაგრამ ჩემი თავი მამაჩემმა, იასემონმა რომ ნახოს… (გულმწარედ). შემინდე, მამავ, ჩემთვის თავიც რომ არ მოეჭრათ, ბევრ ხანს ვერ გავატანდი მაინც, ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენოდა ალბათ, მეტი არა, ისე მქონდა ფილტვები დაჭიმული. სულ სისხლი ამომქონდა პირიდან. შემინდე, რომ უღირსი შვილი ვიყავი. უკუღმართად ვიყავ დაბადებული, მაგრამ ერთი რამ მაინც მესახელება, ეს მაინც მეთქმის: ხომ ვზღვე და სამადლოდ არ გავხადე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე.
მარტი, 1922წ.
|