გაოცებული მივაჩერდი. როგორც იმ ღამით, ახლაც უცხოური თავსაბური ეხურა და ანაფორა ეცვა.
- რა აურზაური ატეხეთ? ბედი, რომ არავის გაუღვიძია.
ძინაი ოთახში შემოვიდა და გაიცინა.
- არაფერია. სწორედ მაშინ, როცა სახლში შემოვაღწიე, დავინახე, ვიღაც იატაკის ქვეშიდან ეპირებოდა აქ შემოძრომას. ჩავიჭირე, მინდოდა გამეგო, რა კაცი იყო, მაგრამ გამექცა.
მე ყარაულების შიში მქონდა, ვინმე მათგანი რომ არ იქნებოდა-მეთქი, ვკითხე. არა, ქურდი უნდა ყოფილიყოო, – თქვა ძინაიმ.
ქურდი ეპირებოდა ქურდისავე დაჭერას. ამაზე მეტ საოცრებას ნახავს განა რასმე კაცი?! ახლა უკვე მე გამეღიმა. რა მაცინებდა, ჯერ ხომ არ ვიცოდი, როგორი იყო ფულის საქმე. სული მიწრიალებდა. პირის გაღებაც არ მაცალა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, დინჯად შეიხსნა ქამარი და ბუხრის წინ ჩამოალაგა ფულის ქისები.
- ექვსი ათასი კანია აქა. უმეტესი ნაწილი გუშინვე მოვახაზირე, მაგრამ ორასი ვერა და ვეღარ ვიშოვნე. ამიტომაც შემაგვიანდა. ახლა თანხა სრულია. ავიღე და იატაკქვეშ დავფალი. და იმ ქურდმაც ალბათ იყნოსა ვერცხლის კვალი.
სიზმარში მეგონა თავი. ვერ ვიქცეოდი საქებრად. სხვისი თქმა რად მინდა, განა მე არ ვიცი? ისე კი, ვიდრე იმის ფიქრში ვიყავ, იშოვიდა თუ არა ფულს, ამ საქმის ავკარგიანობა აღარ მადარდებდა. ამიტომაც იყო, ახლა ასე უბრალოდ უკვე ვეღარ ვიტყოდი უარს. უკან მიმებრუნებინა ეს ფული? ხელი უნდა გამეშვა მაშინ ქუჩაში. ნუ გამკიცხავთ, შემინდეთ ეს საქციელი.
ქედი მოვიხარე ძინაის წინაშე, ხელები იატაკზე დავაწყვე და უსიტყვოდ ავტირდი.
ამის შემდეგ ორი წელი არაფერი მსმენია ძინაის ასავალ-დასავლისა. მაგრამ არ ვივიწყებდი, რომ მე მისი წყალობით გადავრჩი გარდაუვალ გაკოტრებას და დროდადრო მარიასამას შევავედრებდი ამ კაცის თავს. მაგრამ ფუჭად ჩამიარა ლოცვამ. ამ დღეებში ქალაქს მოედო ამბავი, ძინაი შეუპყრიათ და მისი თავი მოდორიბასის ხიდთან მარგილზე ჩამოუცვიათო.
შევძრწუნდი. სიმართლე გითხრათ, ცრემლებიც ვღვარე მალულად. რას იზამ, როცა გაიხსენებ, რომ ეს საზღაურია ყველა იმ ბოროტებისა, რაც მას მოუმოქმედებია, ენა აღარ მოტრიალდება რამის სათქმელად. ეს კი არა, გასაკვირია, ამდენ ხანს როგორ აცადა ღმერთმა, აქამდე როგორ არ უწია ცოდვებმა. მე მაინც მონდოდა სიკეთე გადამეხადა და ერთხელ მაინც მეთქვა მისი სულის შესანდობარი. თუნდაც მალულად, სწორედ ამ მიზნით წაველ იმ დღეს სრულიად მარტო მოდორიბასის ხიდთან სარზე ჩამოცმული თავის სანახავად.
როცა ხიდს მივაღწიე, ხალხი დამიხვდა თავშეყრილი. იქვე ეყუდა დაფა, რაზედაც დასჯილის დანაშაულთა სია ეწერა, გუშაგებიც იქვე იდგნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც წეს არს. ერთად შეკონილ ახალმოჭრილ ბამბუკის სამ ღერ სარზე სისხლში მოთხვრილი შემზარავი თავი იყო ამართული. ღმერთო ძლიერო, ეს რა ვნახე? აყაყანებული ბრბო ძვლებს მალეწდა, მე კი ვიდექი და გაქვავებული მივჩერებოდი ამ გადაფითრებულ თავს. ეს არ იყო ძინაის თავი. სქელი წარბები, წამახული ყვრიმალები, წარბებშუა ნაჭდევი ჭრილობა… არაფრით არ მოჰგავდა იგი ძინაის… ისე შემეშინდა, თვალის ჩინი კინაღამ წამერთვა. ეს არ იყო ძინაის თავი, ჩემი საკუთარი თავი იყო ესა. ოღონდ ახალგაზრდასი, ოცი წლის წინათ, ამაკავა ძინაი როცა ვიხსენი სიკვდილისაგან, იმდროინდელი ახალგაზრდასი. იასაბურო… ნუთუ შენ… ენა ჩამივარდა, თორემ ვიბღავლებდი ალბათ, მაგრამ კრინტს ვერ ვძრავდი, ისე მიძაგძაგებდა მთელი სხეული.