სიცილ-ტირილით მოვდიოდი გზად სახლისაკენ. მეამაყებოდა ჩემი შვილის კეთილშობილება. თქვენ არც კი იცით, იასაბურო ჩვენი რჯულისა იყო და სახელიც დაანათლეს, პაულო, მაგრამ ბედნიერებას ვერ დაიკვეხნიდა. არც ჩემი ყოფაა სახარბიელო. ამაკავა ძინაის რომ არ გადაერჩინა ჩემი ოჯახი, იქნებ ამ დღეში არ ჩავარდნილიყავი. ერთი ფიქრი მდევს თან და არ მაძლევს მოსვენებას. რომელი იყო უმჯობესი, ავცდენოდი გაკოტრებას თუ შვილი მყოლოდა ცოცხალი?!. (უეცრივ გამწარებით:) მიშველეთ ვინმემ. თუ ასე გაგრძელდა, იქნება ჩემი სახლ-კარის ქომაგი ოჯახის დამაქცევარივით შევიძულო (გაბმული ქვითინი). იასაბუროს მონათხრობი
ო, დედაო-წმინდა მარია-სამა! ხვალ, გამთენიისას მომკვეთენ თავს. დაგორდება თავი მიწაზე, სული კი ფრინველივით შენკენ გამოქროლდება. ვინ იცის, ნაცვლად პარაისოს (სამოთხე) ნეტარებისა, შთავვარდე ინფერუნოს (ჯოჯოხეთის) გეენას შინა. არას ვნაღვლობ, ვილხენ მთელი სულითა და გულით, ოცი წელია, ჯერ არ გამიხარია აგრერიგად.
ჰოძეი იასაბურო გახლავართ, დიახაც, მაგრამ ხვალ დილით, ხალხის თვალის სასეიროდ სარზე წამოცმულ ჩემს თავს ამაკავა ძინაის სახელი ერქვა. მე ამაკავა ძინაი გავხდები, ამიხდა ნანატრი. ამაკავა ძინაი? რაო?! იქნებ ვინმეს არ მოეწონოს?! საგანგებო სახელია, მე და ჩემმა ღმერთმა. წარმოვთქვამ ამ სახელს და ასე მგონია, თითქოს და ჩემი დილეგი შროშანებითა და მაისის ვარდებით მოირთო.
ზამთარში მოხდა ეს, ორი წლის უკან. იმ დაუვიწყარ თოვლიან ღამით მამაჩემის სახლში შევიპარე, ფული მინდოდა მომეჩხრიკა, მე ხომ სხვა სიკეთესთან ერთად, მოთამაშეცა ვარ. საჩაიეს სიოძებიდან სინათლე კრთოდა ჯერ კიდევ. შეოვბრუნდი და ვეტაკე მტერს, ვინ იყო, არ ვიცოდი. ჩნდა, უბრალო ვინმე არ იქნებოდა, ისეთი ძალა ჰქონდა. ჭიდაობისას გაიღო საჩაიეს სიოძები, ფარნის შუქი დაეცა ბაღს, მამა იდგა კარის ზღურბლზე, მამაჩემი, იასემონი. უკანასკნელი ძალისხმევით გამოვითავისუფლე სხეული, დავუძვერი როგორც იქნა მტრის უჩვეულოდ მჭიდე ხელებს და ბაღიდან გავვარდი.
ნახევარი კვარტალი გავირბინე თუ არა, ფარდულთან დავიმალე და იქაურობა მოვზვერე. ქუცაში სულიერი არ ჭაჭანებდა, სრული სიმშვიდე იდგა და ღამის ნისლში დროდადრო თუ აიჭრებოდა თოვლის თეთრი მტვერი. ჩანდა, თავი მანება ჩემმა მეტოქემ, დევნა აღარ ღირსო, ხელი ჩაიქნია ალბათ. მაინც ვინ იყო? რამდენადაც გავარჩიე, ბერის სამოსი უნდა სცმოდა. ღონე ჰქონდა მართლაც საკვირველი, თან ბრძოლაშიც ნაცადი ჩანდა, ხერხებსაც ფლობდა მუშტი-კრივისას, არამც და არამც უბრალო ბერი არ უნდა ყოფილიყო. ანდა ამ თოვლიან ღამით ბაღში რა ესაქმებოდა ბერს, ვკვირობდი და ვერაფერი გამოგეო. ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ მოვპარულიყავი საჩაიესთან.
განვლო საათმა. ფრიად საეჭვო მოხეტიალე ბერმა ისარგებლა იმით, რომ თოვა შეწყდა და გაყვა ოგოვადორის ქუჩას. ეს ამაკავა ძინაი იყო, სამურაი, მოქალაქე, მოხეტიალე მუსიკოსი, მოშაირე კაცი, ვისაც შეეძლო ათასნაირად ეცვალა იერი, მთელ კიოტოში ცნობილი ქურდი! მალულად მივდევდი მის კვალს. ასე გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. ამაკავა ძინაი! ამაკავა ძინაი! როგორ ვინატროდი მას, რამდენჯერ დამსიზმრებია კიდეც. ვინაც მახვილი წარსტაცა კამპაკუს, ვინაც სიამუროაში მარჯანი დასტყუა გამოჯეკილ მფლობელს მარჯნისას, ვინაც ხუთ ბეღელს დახსნა კარები და მიკავას რვა რჩეული სამურაი გაისტუმრა მოუსავლეთში და მრავალი და მრავალი საკვირველზე საკვირველი, საუკუნეთა მანძილზე დაუვიწყარ ამბად დარჩენილი ბოროტებით დაზაფრა ხალხი, ძინაი გახლდათ სწორედ… და ეს ძინაი, ცხვირზე ჩამოწეული ჭილის ქუდიანი, ახლა ჩემ წინ მიაბიჯებდა თოვლით ოდნავ გადათეთრებულ ქუჩაზე. მე შემეძლო, საკუთარი თვალებით მეცქირა მისთვის. ეს უკვე დიდი ბედნიერება იყო. მაგრამ მეწადა უფრო ბედნიერი დავმხდარიყავი.
|