ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:16 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » “ამბავი სიკეთის საზღაურისა”-9

3:04 PM
“ამბავი სიკეთის საზღაურისა”-9
როცა ძეგონძის ტაძრის უკანა მხარეს მივაღწიეთ, სწრაფად წამოვეწიე ძინაის. უკაცრიელი ალაგი გახლდათ, მიწაყრილი აზვინულიყო მთელ გაყოლებაზე. დღისითაც კი ზედგამჭრილი იყო ეს ადგილი ხალხს გარიდებული კაცისთვის. ძინაიმ შემომხედა, ოდნავადაც არ შეშინებია, დაჯერებულად შედგა. მდუმარედ დაეყრდნო ჯოხს, თითქოსდა ელოდა, რას ვეტყოდი. მე მორჩილად დავიჩოქე მის წინ, ხელები წინ დავიწყვე, მაგრამ ისე მშვიდად გამომხედა, ენა ჩამოვარდა.

- მომიტევეთ, მე იასაბურო გახლავართ, ძე ჰოძეი იასემონისა, – წამოვიწყე, როგორც იქნა. სახე მიხურდა ერთიანად. – უკან გამოგყევით, რადგან სათხოვარი მაქვს თქვენთან.

ძინაიმ თავი დააქნია. ისე დამძლია სულმოკლეობამ, ამაზეც დიდად მადლიერი დავრჩი, მერე მომეგო სითამამე და მოკლედ მოვუთხრე, როგორ გამომაგდო მამამ სახლიდან და ახლა ყოველი ჯურის გარეწრებში რომ ვარ გარეული. ამ ღამით როგორ შევიპარე მამაჩემის სახლში საქურდლად, მაგრამ მას, ძინაის გადავაწყდი მოულოდნელად, მერე ძინაისა და მამის საიდუმლო საუბარი ვისმინე. ძინაი კვლავინდებურად ცივად მომჩერებოდა, ტუჩები მოეკუმა. ხმა არ გაუღია. როცა მოყოლას მოვრჩი, წინ წავჩოჩდი ცოტათი და დაჟინებით ავაცქერდი.

- ჰოძეის სახლ-კარზე გაწეული ამაგი მეც მავალდებულებს. ამის ნიშნად გადავწყვიტე, თქვენი ხელქვეითი გავხდე. გთხოვთ, მიმსახუროთ, ქურდობაც ვიცი, ხანძრის გაჩენაც, ჯიბგირობაშიც არავის დავუდებ ტოლს.

დუმდა ძინაი. გული ამიძგერდა, უფრო მხურვალედ ავლაპარაკდი.

- გთხოვთ, მიმსახუროთ! არაფერს დავიზარებ. კიოტო, ფუსიმი, საკაი, ოსაკა, – სად არა ვარ ნამყოფი. თხუთმეტი რი შემიძლია ფეხით გავიარო ერთ დღეში. ცალი ხელით ტომარას ვეწევი, ოთხ ტოს რომ იწონის, ისეთს. ორი-სამი კაცი მყავს უკვე მოკლული. მიმსახურეთ, გვედრით. თქვენი გულისათვის ცეცხლში ჩავვარდები. ფუსიმის ტაძარში თეთრი ფარშავანგი ჰყავთ, ოღონდაც მოისურვეთ და მერე მე ვიცი! სიტყვა რომ დაგცდეთ, სანტო ფრანცისკოს სამრეკლო დაწვიო, გადავბუგავ. უდაიძინის ასულსაც, თქვენი სურვილი იყოს ოღონდ, უმალ აქ მოგგვრით და ქალაქის თავის გოგრასაც მოგიტანთ, თუკი ინებებთ.

უეცრივ წიხლი მომხვდა და უკან გადავვარდი.

- რეგვენო!

ასე შემამკო თუ არა, მოინდომა გამცლოდა, მაგრამ მე გადარეულივით ჩავაფრინდი ანაფორის კალთაზე. – თან წამიყვანეთ, გთხოვთ! არ მოგეშვებით არასგზით. ცეცხლსა და წყალში თქვენი გულისათვის. აი, მეფე-ლომი ეზოპეს მოთხრობაში თაგვმა არ გადაარჩინა? ის თაგვი გავხდები… მე…

- ხმა ჩაიგდე. ლაწირაკო… ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო! – ისევ მკრა წიხლი. – არამზადავ, ჯობდა დამჯერი შვილი ყოფილიყავ.

ახლა კი ბრაზი მომერია…

- ვნახოთ აბა, მე ჩესას ვიზამ.

ძინაიმ აღარც მომხედა, სწრაფად მიაბიჯებდა თოვლზე. ღრუბლებიდან გამოცურებული მთვარის შუქზე ძლივსღა მოჩანდა მისი ჭილის ქუდი… ორი წელი აღარ მინახავს მის მერე. (იცინის უეცრივ) "ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო”…
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1099 | დაამატა: mimi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz