- რახან ეს უბედურება მოხდა, რამდენიც გინდა თავში იცე, საქმეს ვერ უშველი, უკან ვერაფერს მოაბრუნებ. გადავწყივიტე, ხვალ დუქანში ყველას ანგარიში გავუსწორო და დავითხოვო.
ამ დროს ძლიერმა ქარმა შესძრა ოთახის კედლები და მოსაუბრეთა ხმაც ჩაახშო. იასემონის ცოლის სიტყვები ყურს აღარ მოსწვდენია. მეპატრონემ ახლა თავი დააქნია, ხელები მუხლებზე დაიწყო და ლერწმისაგან მოწნულ ჭერს მიაბჯინა მზერა, ქუში წარბები, წამახული ყვრიმალები და, განსაკუთრებით, თვალების ნუშისებრი ჭრილი… რაც მეტად ვაკვირდებოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, სადღაც უცილობლად მენახა ეს პირისახე.
ო, მეუფეო, ესუ-ქირისიტო-სამა, ძალა მოეც ჩვენს გულებს!
იასემონმა თვალები მოხუჭა და ჩურჩულით წამოიწყო ლოცვა. მოხუცი ქალიც ილოცვიდა, ალბათ ისიც შემწეობას შესთხოვდა მეუფეს. თვალს არ ვაცილებდი იასემონის სახეს და აი, როცა ახლად მოიქროლა ქარმა, ჩემს სულში გაკრთა მოგონება ოცი წლის წინათ მომხდარი ამბის, და მაშინ უკვე გამოკვეთილად მოვიხილე იასემონის პირისახე.
ოცი წლის უკან… არა, მოსაყოლად არც ღირს! მოკლედ მოვჭრი. საქმე ასე იყო: როცა მაკაოში მივემგზავრებოდი, კინაღამ დავიღუპე გზაში, ერთმა იაპონელმა მეხომალდემ მიხსნა სიკვდილისაგან. ერთიმეორეს ისე დავცილდით, არც გვარი გვითქვამს, არც სახელი და აღარც შევხვედრილვართ აღარასოდეს. ვუცქერდი ახლა და გაოცებას ვიყავ. თვალს ვერ ვაცილებდი მოხუცის სახეს. იასემონი. ეს იყო უეჭველად მაშინდელი ჩემი მხსნელი. ასე მეგონა, თითქოსდა მის ძლიერ მხრებსა და დაძარღვულ ხელებს მარჯნის რიფებიდან ანაშხეფი ტრალღების ქაფისა და სანდალის ტყეების სურნელი სდიოდა ახლაც.
ერთხანს ილოცა იასემონმა და მერე დინჯად მიმართა ცოლს: