მართლა ვგრძნობ, მე გულით ვგრძნობ და ბოლომდე შევისრუტავ აყვავებული იასამნის სურნელს, რომელიც გამვლელის ყურადღებას იპყრობს და ყვავილების დედოფალასაც კი ვუწოდებდი, ჩემთვის რომ ეკითხათ. იასამანს უმღერიან კიდეც (,,იასამანი აყვავდა ისევ...’’), რადგან, როგორც მერცხალი, იასამანიც გაზაფხულის დადგომას გვახარებს. გაზაფხული კი, ჩვენში სიყვარულთან, სითბოსთან და გრძნობასთან არის გაიგივებული. ამასთანავე, თუ ადამიანისათვის კარგი გინდა, არც კი უნდა დაფიქრდე და მთელი არსებით უსურვო გაზაფხული, მხოლოდ და მხოლოდ გაზაფხული... ვგრძნობ, მე გულით ვგრძნობ, რომ მეგობარი დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს, საკუთარი თავის ფასს ასწავლის და ჭირსა და ლხინში მხარში უდგას. ალბათ, იფიქრებთ: აბა, სხვა რა არის მეგობრობაო? -შესაძლოა, ბევრ თქვენგანს არ ესიამოვნოს, მაგრამ მეგობრობაა მოქმედება და არა სიტყვა, რომლითაც ჩვენ სიყვარულს ვუმტკიცებთ ერთმანეთს. ნამდვილი და მისაბაძი მეგობარი ძნელი საპოვნელია ჩვენში, სამწუხაროდ... არასოდეს არ ვუჩივი მეგობრების ნაკლებობას, მაგრამ ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც სრულიად მარტოა ამქვეყნად და არ ჰყავს თავისი მესაიდუმლე და სანატრელი მეგობარი. ვგრძნობ, მე გულით ვგრძნობ, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ნიშანი და ეშხი გაგვაჩნია, ერთგვარი ნიჭი, რომელიც უფალმა გვიბოძა, თუმცა ცოტა თუ იყენებს თავის საგანძურს. ზოგი უაზროდ ატარებს დღეს, სიზარმაცის მეშვეობით ერთმენეთისაგან ვერ არჩევს, რა განსხვავებაა მზიან დილასა და მთვარიან ღამეს შორის. იმასაც ვერ ხვდება, რომ, როდესაც წვიმა გადაიღებს და უეცრად ცისარტყელა გადაეკვრება ირგვლივ გარემოს, სიმბოლურია ეს ყოველივე, რომ ყველაზე ბნელ ქვეყანაშიც კი არსებობს მზე და გვიანი არასდროს არის რაღაცის გასაკეთებლად და გამოსასწორებლად. ვგრძნობ, მე გულით ვგრძნობ, რომ თუ გიყვარს, შეიცვლები კიდეც, როგორც პაულო კოელიოს სანტიაგოს მოძღვრავს ალქიმიკოსი. თუ გიყვარს, სხვა საქმესაც გააკეთებ ამ გრძნობასთან ერთად, ხოლო, თუ ერთი წამითაც ხელს შეგიშლის სიყვარული, მაშინ უნდა მიხვდე, რომ ეს გრძნობა არ ყოფილა ჭეშმარიტი სიყვარულის ტოლფასი. ვგრძნობ, მე გულით ვგრძნობ, რომ ოცნების ასრულებაში ერთი რამ გვიშლის ხელს, როგორც სანტიაგოს – დამარცხების შიში. თუმცა, როდესაც რაიმეს მიღწევა გსურს და გულით ოცნებობ, მაშინ მთელი სამყარო მხარში გიდგას და გეხმარება ოცნების ასრულებაში. მთავარია, მონდომება და შრომისმოყვარეობა, ნიჭის გამოყენება. სხვა შემთხვვევაში, რა აზრი აქვს ნიჭს, თუ მას ადამიანი სიზარმაცითა და უმოქმედებით ჩრდილავს. ვგრძნობ და გულიც მეთანხმება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ერთმანეთი გვეყვარება, რადგან სიყვარული საწინდარია მეგობრობისა, დაფასებისა, პატივისცემისა და რწმენისა. სიყვარულიც ხომ ღმერთმა შექმნა ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანები. იმედია, შენც გრძნობ, ჩემო პატარა გულო და ჯერ არ გაჩერდები....