– ამბობენ: ,,როდესაც ოჯახში გაჭირვება დაისადგურებს, სიყვარული მაშინვე უკანმოუხედავად გაფრინდება ფანჯრიდანო’’. იმასაც კი გაიძახიან ხშირად, რომ უფულობა ჩხუბის და აყალმაყალის საწინდარია და, შედეგად, სიყვარულსაც ყავლი გასდის... ამასთანავე, უსახსრობის გამო ყოველივე უფერულდება, რაც კი ლამაზი და მიმზიდველი აქვს სიყვარულს, ბოლოს აღარც ურთიერთპატივისცემა და დაფასება არსებობს და რჩება მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები...ისეთი ფაქტები, რომლებიც კრახით დასრულდა, მაგრამ ტკბილად ახსენდება სიყვარულის უნარისა და სწორად შეფასების თვისების მქონე ადამიანს. თეკლაც სწორედ ისეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბოლომდე განიცდიდნენ და შეიგრძნობდნენ ირგვლივ სამყაროს. ვერ ვიტყვი, რომ მოგონებებით ცხოვრობდა და რომანტიკოსის მსგავსად წარსულს მისტიროდა–მეთქი, მაგრამ მას ნათლად გაეცნობიერებინა ლეიბნიცის სიტყვები: ,,აწმყო ნაშობი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა''. მარტის სუსხიან დილას, როდესაც მე, მოწყენილი და ღამენათევი, მეტროში ჩავედი, თეკლა მარტო იდგა სხვებთან ერთად ხალხით გადაჭედილი ვაგონის მოლოდინში (დილით ვაგონში ვერ შეხვალ ისე, რომ არავინ გადაგიაროს და, როდესაც იქ შეაღწევ, ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, რომ ნემსიც რომ ჩააგდონ ხალხს შორის, ვერც ვერავინ იპოვის მას): ქერა ხვეული თმა მხრებზე მოჰფენოდა, როგორც ფოთლები ხის ტოტებს, საშუალო სიმაღლის იყო და დგომის მანერაზე ეტყობოდა, რომ დიდი ხნის ცეკვის გამოცდილება უნდა ჰქონოდა ან, შესაძლოა, ახლაც კი ცეკვავდა რომელიმე ანსამბლში. იერის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ჩვეულ ქართველ ქალს ვერ მივაკუთვნებდით, მაგრამ ისეთი შარმი დასდევდა თან, რომ ცრემლმორეულ ადამიანს მაშინვე ანუგეშებდა და გულს მოულბობდა. ამასთანავე, ის ძალიან წააგავდა ჩემს ნათესავს, რომელიც დასავით მიყვარდა და, შესაბამისად, დანახვისთანავე მომინდა ახალგაზრდა გოგონას გაცნობა. ,,ცდა ბედის მონახევრიაო’’ – მეც ავდექი და ვაგონის მოსვლისთანავე თეკლას გვერდით დავიკავე ადგილი. ალბათ, ბედი იყო და უფლის ნებაც. როდესაც მე და თეკლამ, ჩვენდა უნებურად, ლაპარაკი დავიწყეთ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა(გულში კი ვფიქრობდი, რომ კეთილი და საყვარელი ადამიანი იყო ჩემი თანამგზავრი, უფრო მეტიც, მის მსგავს მეგობარს იშვიათად თუ ვიპოვიდი თბილისში, სადაც ხალხი შურით უცქერს ერთმანეთს და შურიანი ადამიანი ხომ, სხვისი უბედურებით არის ბედნიერი.). როგორც საუბრიდან შევიტყვე, თეკლა ფიქრობდა, რომ უაზრო იყო რაღაცის დასასრული აზრიანი დასაწყისის გარეშე. ის ხვალინდელი დღის იმედით აკეთებდა ყველაფერს და ხშირად აწუხებდა შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გენი. უკმაყოფილება იპყრობდა არა იმ ნიჭისა და ღირებულებებისადმი , რომლებიც მას უფალმა 1991წლის 13 ივლისს არგუნა, არამედ საკუთარი თავისადმი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეკლას არასრულფასოვნების გრძნობა აწუხებდა. ხშირად ეშლებათ ეს ორი სიტყვა ადამიანებს. ახალგაზრდა გოგონას არ აკმაყოფილებდა ის ცოდნა, რაც იმ ეტაპზე გააჩნდა და ცდილობდა დაუკმაყოფილებლობის გენს ლიტერატურის წაკითხვითა და შრომისმოყვარეობით შებრძოლებოდა. 19 წლის გამოუცდელი გოგონა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლაში, დაიბადა ზაფხულის ერთ მშევნიერ დღეს. მას და–ძმა ჰყავდა და, რადგანაც დედმამიშვილებიდან ყველაზე უფროსი იყო, ბავშვობიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისაბაძ მაგალითად მიაჩნდათ ოჯახში და ამის გამო დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა. სკოლაში საკმაოდ ლამაზი გარეგნობითა და თვისებებით გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისაგან: ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ენერგიასაც ვერ ხარჯავდა ბოლომდე. Aამიტომ, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გონებრივად და ფიზიკურად თანაბრად დაეტვირთათ: თეკლა ცეკვავდა, მღეროდა, სანიმუშოდ სწავლობდა და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ოცნებობდა. თუმცა მე–10 კლასში გადაიფიქრა მან და, რადგან მისი ცხოვრების მთავარი ლოზუნგი სამართლიანობის დაცვა იყო, მიზნად დაისახა იურიდიულზე ჩაბარება, თუმცა ეს ჩანაფიქრი მან მხოლოდ დიდძალი გაჭირვებისა და ტანჯვის გადატანის შედეგად განახორციელა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თეკლას დამოკიდებულება სიყვარულისა და გაჭირვების ურთიერთმიმართებისადმი და, საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემისადმი, რაც საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის: სხვებისგან განსხვავებით, მას მუდამ სწამდა, რომ იქ, სადაც სიყვარულია, სიღატაკესა და და ყოველგვარ წინააღმდეგობასაც ეშველება ცოლ-ქმრის ერთდროული ჯაფითა და მონდომებით. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს თეკლა, რომელიც ძალიან დაღლილი, დაქანცული მოვიდა სასწავლებლიდან, კომპიუტერს მიუჯდა და ჩათაობა დაიწყო. დღევანდელი ახალგაზრდობა ხომ უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებს და ფუჭად კარგავს უაზრო მესიჯის მიმოწერასა და თამაშებში. თუმცა, თეკლა გამონაკლისს წარმოადგენდა. მან კარგად იცოდა ყოველი წუთის ფასი და მუდამ ცდილობდა ახლის სწავლას, დღითიდღე საკუთარი ცოდნის გაღრმავებას. კომპიუტერში მეგობრებთან საუბარმა გოგონა იმდენად გაართო, რომ დროის შეგრძნებაც კი დაკარგა და სულ დაავიწყდა, რომ მეორე დღეს პირველად უნდა წასულიყო სამსახურში, სადაც სტაჟირების გავლას აპირებდა. ის მომავალი იურისტი იყო და ნამდვილად კარგად ესმოდა თავისი საქმე. თეკლამ ისიც კარგად იცოდა, რომ მის მიერ არჩეული მომავალი პროფესია საკმაოდ შრომატევად საქმიანობას წარმოადგენდა, მაგრამ, ერთი მხრივ, იურისტობა თეკლას შინაგანი ,,მე’’-ს გამოძახილი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებაც კი და, რადგანაც ყველა იმას აკეთებს, რისთვისაც არის მოწოდებული, თეკლამაც გადაწყვიტა, ბოლომდე ებრძოლა დასახული მიზნის მიღწევისათვის და რაიმე დაბრკოლების გამო ქედი არ მოეხარა ცხოვრებისათვის, არ შეგუებოდა მარცხს: ზოგჯერ წააგებ და, პირიქით. სწორედ, ასეთია ბუნების კანონზომიერება. ერთი კია, რომ, თუ მარცხი არ იგემე, ისე ვერც ვერასოდეს გაიგებ ნამდვილი გამარჯვების გემოს. ამაზე თეკლაც უსიტყვოდ მეთანხმებოდა. ცხოვრება ისედაც მოულოდნელობით არის აღსავსე. ეს თეკლამ მაშინაც ცხადად დაინახა, როდესაც 2 წელი თავგამოდებით ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისათვის და ერთ დღესაც, გამოცდების წინა თვეებში, კერძოდ, მარტის შუა რიცხვებში, გაიგო, რომ სკოლას, რომელშიც მან საბუთები გადაიტანა( იმის გამო, რომ ყოველდღე ვეღარ ახერხებდა სკოლაში სიარულს, რადგან ბევრ საგანში ემზადებოდა ერთად), საერთოდ არ ჰქონდა მე-11 კლასი და თეკლას მამას ყალბი საბუთი მისცეს დამასატურებელი იმისა, რომ თეკლა აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა. გოგონამ ამის შესახებ მარტის ბოლოს გაიგო. იმდენად შეაძრწუნა მომხდარმა, რომ სიმწრისაგან კედელს ურტყამდა თავს, ყოველ ღამე ტიროდა და აღარ სურდა საქართველოში გაჩერება, იმ ქვეყანაში, სადაც მრავალი უსამართლობა ხდებოდა და ადამიანს თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე ხელს უშლიდნენ ცხოვრების მოწყობაში. თეკლა თავს გადაჭრილი ხის კუნძივით გრძნობდა, იმ ვაზის მსგავსად, რომელიც სეტყვამ შუაზე გააპო და ხელი შეუშალა ნაყოფის მოსხმაში. გერმანიისაკენ მიუწევდა გული, თუმცა იმ წელს საქართველოს განათლების სისტემაში ცვლილებები შევიდა და თეკლამ გადაწყვიტა, დაკარგული წელი ისევ სკოლაში სიარულით აენაზღაურებინა და რუსულ სექტორში გადაიტანა საბუთები, რომ 12 წელი არ დასჭირვებოდა სწავლა, რადგან ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონით სკოლაში სწავლის პერიოდი 1 წლით გაიზარდა და, მოსწავლეებს 11 წლის ნაცვლად, 12 წელი უნდა ესწავლათ ზოგადი განათლების მისაღებად. ჩემი მეგობარი თეკლა იმდენად მონდომებული იყო, რომ ერთ დღესაც არ აცდენდა სკოლას: წვიმაში, ქარბუქში, თოვლში დადიოდა მასწავლებლებთან, არ ერიდებოდა ფეხის დასველებას(იმერეთში ხშირია ნალექი, რადგან შავი ზღვიდან მონაბერი ცივი ჰაერის მასები წვიმის სახით ვლინდება იმერეთის რაიონებში. თეკლას სოფელში კი საშინლად დიდი თოვლი და შემაწუხებელი წვიმები იცის.) ამასთანავე, იმის გამო, რომ არც რუსულ სკოლაში უწყობდნენ ხელს მასწავლებლები, იძულებული იყო, დილის 7 საათზე ევლო ხოლმე გერმანულზე და შემდეგ იქიდან პირდაპირ წასულიყო სკოლაში. საბოლოოდ, თეკლამ სკოლა წარმატებულად დაამთავრა და პრეზიდენტისგან ჯილდოც კი მიიღო საუკეთესო მოსწავლის წოდებისათვის: ,, ჩემი პირველი კომპიუტერი’’. შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე სახელწიფოს 50%-იან დაფინანსებაში მოხვდა და ამ გზით ცხოვრების ახალ საფეხურზე შეუდგა ბრძოლას თვითდამკვიდრებისათვის. თეკლას, როგორც მოუსვენარს, ძალიან შრომისმოყვარესა და პედანტურს, ასე ახასიათებდნენ უნივერსიტეტში. ამასთანავე, თანაკურსელებისგან სწავლის უნარითა და განსაკუთრებული ნიჭით განსხვავდებოდა(უნივერსიტეტის ანსამბლში გააგრძელა ცეკვა, თავისუფალ დროს კი შემოქმედებით საქმიანობას უთმობდა და პარალელურად ადვოკატებთან მუშაობდა ოფისში თანაშემწედ.). ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა პირად ცხოვრებაში არასოდეს უმართლებდა. სულ სხვისი ბედნიერებით იყო ბედნიერი და მათ ეხმარებოდა ურთიერთობის აწყობაში. არასდროს არ ჰქონდა ბიჭისათვის ნათქვამი სიტყვა ,,მიყვარხარ’’, მაგრამ იმ აზრს ეთანხმებოდა, რომ, ,,ვისაც სიყვარული არ განუცდია, შესაბამისად, მას არც უცხოვრია’’ და, - თუ გინდა უყვარდე, შენც უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე, იგივეს მიცემა უნდა შეგეძლოს შენი მეორე ნახევრისათვისო, - თვალცრემლიანმა მითხრა ერთხელ თეკლამ. როგორც ჩანს, სიყვარული მასში ცუდ მოგონებებსა და გულისტკივილს აღძრავდა. იმ დღეს, როდესაც თეკლამ კომპიუტერთან დიდი ხანი დაჰყო, ინტერნეტით ახალგაზრდა ბიჭი გაიცნო. ისიც 19 წლის იყო. სურათებიდან ჩანდა, რომ მაღალი, ახოვანი, შავთმიანი, ცისფერთვალება, სქელწარბიანი, ლამაზტუჩიანი ვაჟკაცი შვლის ნუკრს წააგავდა და, ამასთანავე, მასსავით ლამაზი ცხვირი ჰქონდა. თეკლას გეგა თავიდანვე მოეწონა. გეგასაც გულში ჩაუვარდა ჩვენი ხუჭუჭა თეკლა, რომელიც გარეგნობას ნამდვილად არ უჩიოდა, მაგრამ არასოდეს არ მოსწონდა თავისი თავი, თუმცა, იმისათვის, რომ დაგაფასონ და შენი სილამაზე შეამჩნიონ, ჯერ შენ თვითონ უნდა შეაფასო და დაინახო ის გარეგნობა, რომელიც ღმერთმა ყოველ ადამიანს ინდივიდუალურად უბოძა დაბადებისთანავე და მთელი ცხოვრების მანძილზე გასდევს თითოეულ ჩვენგანს. გეგას მალევე შეუყვარდა თეკლა. მოსწონდა მის მიერ წარმოთქმული აზრი, სიტყვა და გადაწყვიტა თეკლას რეალურად გაცნობა, აღარ უნდოდა ვირტუალური სამყაროდან მისი დანახვა. როდესაც გეგამ თეკლა დაინახა, გრძნობას გრძნობავე, გაოცებას გაოცებავე და სიყვარულს სიყვარულივე შეემატა. როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობს: ,,თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, დაინახოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მზის დაბნელებასავით ერთხელ გინახავთ მხოლოდ, მაგრამ არასოდეს არ დაგავიწყდებათო’’. გეგასაც ანალოგიური შეგრძნება დაეუფლა, უფრო მეტიც, თავიდან ფეხებამდე დაუარა თეკლას სურვილმა, ენა დაება, თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა. მას არასოდეს ენახა ასეთი სიცოცხლითსავსე და საყვარელი, სულით ლამაზი და უმანკო არსება. ამასთანავე, არ უნდოდა, მის გარეშე ევლო თეკლას და სურდა, მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ. სამწუხაროდ, თეკლასგან განსხვავებით, გეგა არსად სწავლობდა. მშობლები 15 წლის ასაკში დაეღუპა ავიაკატასტროფაში და ბებიასთან იზრდებოდა. მართალია, ბებია მუდამ ცდილობდა, ის ყურადღება არ მოეკლო, რაც მას მშობლების სახით სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, გეგა მაინც განიცდიდა დანაკლისს, რადგან 19 წელი ეს ისეთი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში, გარდატეხის პერიოდი, როდესაც ბიჭს ყველაზე მეტად სჭირდება მშობლის რჩევა და დახმარება, მხარში ამოდგომა. გეგა, გულჩათხრობილი და თავისი ასაკისათვის მეტისმეტად ჭკვიანი, მართალია, სიდუხჭირის გამო უმაღლეს სასწავლებელში ვერ სწავლობდა, მაგრამ, თუ სადმე საინტერესო და მრავლისმომცემ წიგნს წააწყდებოდა, ხელიდან არ უშვებდა და ერთ ამოსუნთქვაზე 24 საათშივე კითხულობდა. გეგა და თეკლა თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ: სიყვარულით ტკბებოდნენ, გამუდმებით შესციცინებდნენ ურთიერთს თვალებში, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის და ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ არა სულ რაღაც ერთი თვე, არამედ წინა ცხოვრებაშიც იცნობდნენ ერთმანეთს და იქაც, სავარაუდოდ, ,,სიყვარულის კაქტუსით’’ იყვნენ შეპყრობილნი, როგორც ეს სჭირდა დოჩანაშვილის ,,სამოსელ პირველში’’ დომენიკოს. ახალგაზრდა ვაჟკაცს ძალიან უნდოდა თეკლაზე დაქორწინება და მასთან ერთად ბედნიერი ოჯახის შექმნა, მაგრამ იმდენად უყვარდა თეკლა, პატივს სცემდა და აფასებდა, რომ მას გაჭირვებაში ვერ აცხოვრებდა. ამასთანავე, უნდოდა, რომ ყველაზე ბედნიერ ქალად ექცია მისი მეორე ნახევარი და ისიც კარგად ესმოდა, რომ ოჯახში სიდუხჭირე დაპირისპირების უპირველესი საწინდარია და უმეტეს შემთხვევაში სიყვარულით ნაშენებ ,,ბუდეს’’ მყარად ნაგებ საძირკველსაც კი შეურყევს. ამიტომ ცდილობდა, კარგი სამსახური ეპოვა, რომ თეკლასთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა. ამასობაში თეკლამ თავის ჩანაფიქრს ბოლომდე შეასხა ფრთები: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გერმანიაში გაემგზავრა მაგისტრატურის გასავლელად. შემდეგ იქ დოქტორანტურაც გაიარა და, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, არც კი იცოდა გეგას ასავალდასავალი. მიზეზი ამისა ის იყო, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გეგამ და თეკლამ სერიოზულად იჩხუბეს. გეგას არ უნდოდა თეკლასთან განშორება. მას ეგონა, რომ თეკლას სხვა ქვეყანაში ვინმე მდიდარი შეუყვარდებოდა და გათხოვდებოდა კიდეც, თუმცა თეკლას გეგას გარდა არავინ უნდოდა, რადგან მხოლოდ გეგას ესმოდა მისი უსუტყვოდ. მაშინ, როდესაც თეკლა ღამის 11 საათზე რუსთაველის გამზირიდან მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებმაც დახვედრა მოუწყვეს აეროპორტში, სახლში ბრუნდებოდა, ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი თეთრ ბეემვეში. - ეს ხომ გეგა არის? – გაიფიქრა თეკლამ და სიხარულის ნაპერწკალმა გაუელვა თვალებში. შემდეგ გეგას გვერდით ლამაზი არისტოკრატიული იერის მქონე ქალბატონი შეამჩნია. თვალცრემლიან ქალიშვილს იმწამსვე სინანულის განცდა დაეუფლა. იფიქრა, რომ, ალბათ, გეგამ ჩემ აქ არ ყოფნაში ცოლი მოიყვანა, ან კიდევ, საცოლე არის და მას აღარც კი ახსოვს ჩემთან ერთად გატარებული დღეებიო. თუმცა, ეს ყველაფერი უსაფუძვლო ეჭვი იყო თეკლას მხრიდან. წარმოსადეგმა ქალბატონმა, ამავდროულად, თბილისის ერთ-ერთმა კოლორიტმა ადამიანმა, 1 წლის უკან, სრულიად შემთხვევით, მეგობართან გაიცნო მონდომებული, სიმპათიური ჭაბუკი და სამსახური შესთავაზა. გეგამ თეკლას არყოფნის განმავლობაში კარგად შეისწავლა ინგლისური და უფროსს სამსახურში უცხოელი ინვესტორების მოზიდვასა და მათთან საქმიანი მოლაპარაკების წარმოებაში ეხმარებოდა. მან ამ დროის განმავლობაში ბინაც კი იყიდა ვაკეში და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა იქ. ყოველდღე ახსენდებოდა თეკლა და მისი ნახვის წყურვილი ჰკლავდა, თუმცა 3 წლის განმავლობაში არაფერი სმენოდა მასზე და აღარც კი ჰქონდა რაიმე ახლის გაგების იმედი. რადგან თეკლა კარგად იცნობდა, თავის დროზე, გეგას ბავშვობის ძმაკაცს, მეორე დღესვე, დილით, გადაურეკა ბაჩოს და გეგას ტელეფონის ნომერი გამოართვა. გეგამ უცხო ნომრისგან ზარის შესვლა გაიკვირვა, რადგან სამასახურის ნომერი ბევრმა არ იცოდა, მით უმეტეს, ქალმა. როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა, სახე გაუფითრდა და ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები: ,,მიყვარხარ და ერთ წამსაც კი ვერ ვიცოცხლებ უშენოდ’’. ისინი ათ წუთში შეხვდნენ სიონის ეკლესიასთან, როგორც ადრე. ხალხი შეყვარებულ წყვილს განცვიფრებული უცქერდა და თვალს ჭრიდათ მათი სილამაზე, მძღოლები მანქანებს აჩერებდნენ და აღფრთოვანებულნი იყვნენ: ჯერ არ ენახათ ასეთი შესაფერისი წყვილი. ერთი მოხუცებული, ყავარჯნით ხელში, გაიძახდა: ,,ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო’’. - ,,მიყვარხარ, გიყვარვარ და ეს არის სრული და ჭეშმარიტი ბედნიერება’’- ჩურჩულებდა თეკლა და გულმკერდიდან არ სცილდებოდა გეგას, ისე მიკრობოდა, როგორც ჩვილი ბავშვი მიეკრება დედას. ბუნებრივია, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება ნამდვილ სიყვარულში: თეკლამ და გეგამ ქორწილის გადახდას, პარიზში სამოგზაუროდ წასვლა არჩიეს. მათ დაამტკიცეს, რომ მთავარი ადამიანის მონდომებაა. გეგამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პაიკსაც კი შეუძლია გახდეს მეფე, თუ დღედაღამ იშრომებს და ყველაფერს გააკეთებს წარმატების მიღწევისათვის, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ცხოვრების მტვრიან სცენაზე უბრალო ბუჩქის როლის შეცვლა მეფის მთავარი როლით, არც ისე ადვილია, და ნამდვილად ცოტას შესწევს გეგას მსგავსი უნარი, გაჭირვება ლამაზი ცხოვრებით შეცვალოს, მაგრამ ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, უმთავრესია, არა დასაწყისი, არამედ აზრიანი დასასრული რაიმე მოვლენისა, რადგან ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, მით უმეტეს, ლამაზ და ჭეშმარიტ სიყვარულში.