კელსო ბლექმა გაიცინა. იმდენ ხანს იცინოდა, სანამ გვერდები არ ასტკივდა და ხელში ჩაბღუჯული იაფფასიანი ვისკის ბოთლი ძირს არ დაუვარდა. გონებაჩლუნგი ძაღლები! ყველაფერმა ძალიან მარტივად ჩაიარა და ხუთი ათასი დოლარიც ჩაიჯიბა, მართალია, მცველი შემოაკვდა, მაგრამ თავის თავს დააბრალოს, ცუდ დროს გადაეღობა გზაზე. პისტოლეტის ჩახმახი ის-ის იყო შეაყენა, რომ კარი ხმაურით გაიღო. კარის ზღურბლთან უცნობი იდგა, შავი მოსასხამითა და თვალებზე ჩამოფხატული ფარფლებიანი ქუდით. - გამარჯობა, კელსო, გამარჯობა, კარგა ხანია, გითვალთვალებ და ძალიან მომეწონე! - თქვა უცნობმა და ისე გაიცინა, რომ ბლექს ძარღვებში სისხლი გაეყინა. - ვინა ხარ? - ჰკითხა დაუპატიჟებელ სტუმარს. კაცმა ისევ გაიცინა, - რაო, ვერ მიცანი? იქნებ ისიც აღარ გახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ სული რომ მომყიდე, აი, მცველი რომ მოკალი, ზუსტად მაგ დროს. - გაეთრიე, - სუსხი გაურია ბლექმა ხმაში, - აქედან მოშორდი, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს! - წასვლის დროა, კელსო, მომყევი, ბოლოს და ბოლოს წინ კარგა დიდი გზა გვიდევს. - მშვიდად მიუგო უცნობმა, შავი მოსასხამი გაიძრო და ქდი მოიხადა. კელსო ბლექმა სახეში ჩახედა... მერე კი სასოწარკვეთით დაიღრიალა. ღრიალებდა... ღრიალებდა... ღრიალებდა... უცნობმა ერთიც ჩაიქირქილა, მერე კი ირგვლივ დუმილმა და სიცარიელემ დაისადგურა. ოთახში გოგირდის მძაფრი სუნი დარტიალდა...