ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:13 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » “ამბავი სიკეთის საზღაურისა”-2

11:28 PM
“ამბავი სიკეთის საზღაურისა”-2
რას აღარ ამბობენ ჩემზე. მოსმენად ღირს! ამაკავა ძინაის ძალუძს უჩინრად იქცესო, ყველა და ყოველი ამას უბნობს. ვიმედოვნებ, ყურს არ ათხოვებთ მდაბიორთა ამ მონაჩმახს. არც უჩინმაჩინის ქუდი გამაჩნია და ეშმაკთანაც არ გახლავართ წილნაყარი. ისე კი, როცა მაკაოში ვიყავ, პორტუგალიურ ხომალდზე მომუშავე მკურნალმა შემასწავლა საგანთა ბუნება და თუ საქმეს მივასადაგე ეს ცოდნა, მაშინ ვერანაირი ბოქლომი ვერ დამიკავებდა (ღიმილი). ათასგვარი ქურდული ხროკი, კაციშვილს რომ ჯერ არ გაეგო, განა ჯვართან და ქვემეხთან ერთად დასავლეთიდან არ გადმოიღო ველურმა იაპონიამ?

საათიც არ გასულა, რომ მე უკვე სახლში შევაღწიე, მაგრამ როცა ბნელ დერეფანს გავცდი, ჩემდა გასაკვირად, ამ გვიანობისას ერთ ოთახში სინათლე დავინახე. სინათლეს კიდევ რა უშავს, ლაპარაკიც მოისმოდა იქიდან. თუ ოთახების განლაგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს საჩაიე უნდა ყოფილიყო. რა ჩაის სმა აუტყდათ-მეთქი ამ ავდარში, გამეცინა გუნებაში და უფრო ახლოს მივჩოჩდი. მართალი გითხრათ, როცა ხმა გავიგონე, განა იმან შემაწუხა, რომ საქმე დაბრკოლდებოდა, ცნობისწადილმა შემიპყრო, რითი ირთობდნენ თავს ამ შუაღამისას სახლის პატრონი და მისი სტუმარი.

ფუსუმას გავეკარ თუ არა, როგორც ველოდი, კარდლის ბუყბუყიც მომესმა. ამ ხმებთან ერთად ტირილიც გავიგონე. ვინ ტირის-მეთქი, ნეტავი? – გამკრა გულში და იმავ წამს მივხვდი, ქალი ტიროდა. თუკი ასეთ გამოჩინებულ სახლში შუაღამისას ქალი მოთქვამს, უბრალო საქმე არავის ეგონოს. სუნთქვა შევიკავე, ჩემდა საბედნიეროდ გვერდზე გაწეულ ფუსუმას ღრიჭოში გავიჭვრიტე და ოთახს მოვავლე თვალი.

ჭერზე ჩამოკიდებული ქაღალდის ფარნით განათებული ძველისძველი ნახატი, კედლის წალოში რომ იყო ჩადგმული, ქრიზანთენებიანი ლარნაკი… მთელ ოთახსა და მის მოწყობილობას ძველებური იერი ედო. ჩაის სასმელი ოთახის შესაფერი წალოს წინ, სახით ჩემკენ მოხუცი იჯდა. ასე ჩანდა, თავად იასემონი უნდა ყოფილიყო. წვრილად ნაქარგი ხაორი ეცვა, ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა, თვალები მიელულა და თითქოს ქვაბის თუხთუხს აყურადებდა. იასემონის დაბლით, ჩემკენ გვერდულად იჯდა დარბაისელი მოხუცი ქალი, თმის ვარცხნილობას სარჭი უმშვენებდა. იჯდა ასე და დროდადრო იწმენდდა ცრემლებს.

"არაფერი ამათ არ აკლიათ და საჭმუნავი მაინც არ დალევიათ”, – გავფიქრე და ტუჩებზე უნებურად ღიმილმა გადამირბინა. ნუ გეგონებათ, თითქოს რაღაც პირადული ჯავრი მედო გულში ამ ცოლ-ქმრისა. უბრალოდ, მეცინება ხოლმე სხვის უბედურებაზე, განურჩევლად, ვინც უნდა იყოს. განსაკუთრებულ სიამესა მგვრის, როცა ისეთი ვინმე შემრჩება ხელში, ვისაც ერთის შეხედვითაც თითქოსდა საწუხი არაფერი უნდა სჭირდეს. ასეთი რამ თავისთავად სასაცილოა (მკაცრი გამომეტყველება). ასე მგონია, კაბუკის თეატრის წარმოდგენას ვესწრებოდე (დამცინავი გამომეტყველება). მე ხომ ის კაცი ვარ, ვისი სახელითაც აგერ ორმოცი წელია ბავშვებს აშინებენ. განა მარტო მე ვარ ასეთი? ჰკითხეთ, ვისაც გნებავთ, რომელია-თქო თქვენი საყვარელი საკითხავი წიგნი? სევდიან მოთხრობას დაგისახელებენ უთუოდ.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 1000 | დაამატა: mimi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

Добавил:mari
0

momewona:*:*
Дата публикации: 2012-02-14 в 1:55 PM [Материал]
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz