ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:34 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » გველი პერანგში

4:38 PM
გველი პერანგში

– რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ბახორ. არა და გარნისთან კინაღამ მოგვერივნენ...
– მოგვერივნენ არა, ჯალალი გვიმყოფა კარგად და მონღოლებსაც დედას ვუტირებთ...
– გვერეოდნენ ბახორ, მართლა გვერეოდნენ, მეწინავეში ვიყავი მაგ დღეს, მაგრად დაგვიდგნენ, დროზე ვერ მიაშველეს ჯარი მეწინავეებს და მაგით იყო , რომ ვძლიეთ, ისე მგონი ვერ კი არა, არ მიაშველეს!!! ჯალალი მოისყიდდა ვინმეს, ბრძენი და მამაცია ჯალალ
– რად უნდათ ამათ მოსყიდვა? აკი გითხარი –ცხვრები არიან, დედაკაცი და ბალღი დაუხატიათ და იმაზე ლოცულობენ, –ეგაო ღმერთიაო და ის კიდე დედა არისო იმისიო, სად გაგონილა ღმერთს დედა ჰყავდეს?.. თანაც სალოცავის მაღლა ორი ჯოხი გადაუბიათ ერთმანეთზე და ეს გადაბმული ჯოხებია მაგათი ძალა...
– სადღაა ჯოხები? მოანგრევინა გუმბათი ჯალალმა, ტახტი შემოდგა ზედ და იმ ქალისა და ბალღის სურათზე უნდა დაადგან ფეხი ამ ურჯულოებმა, იმისთვის ვაგროვებთ ამ ხალხსაც, ვინც არ დაადგამს– თავები უნდა დავაყრევინოთ, ბალღი უშველის ამათ...
– ბალღზედ რომ ამბობ,აგერ აიმ ბალღს მიაქციე ყურადრება ბათირ, მაგათ სახლში რო შეველ კინაღამ სული გამაფრთხობინა რაღაც კეტით, ჩამეკლა უნდა იქვე, მაგრამ შემაჩერა რაღაცამ ...მამამ შემომხედა ვედრებით და მაგასაც რაღაცა უთხრა, მეც ჯალალის ბრძანება გამახსენდა, რომ ხიდზე უნდა მივრეკოთ ყველა! ფრთხილად იყავ, ცქვიტი ბალღია და რამე შარს არ გაგვხვიოს...
მოედანზე მოგროვებული ხალხის სიჩუმე აოცებდა ბათირს, არანაირი კვნესა და დვრტვინვა,( თუმცა ბევრი ცემა–ტყეპით თავპირდასისხლიანებული მიიყვანეს იქამდე).
დედაკაცებიც კი მდუმარედ იდგნენ, თითქო რაც სალაპარაკო ჰქონდათ ყველაფერი ულაპარაკნიათო,გაგონილა დედაკაცს სალაპარაკო გამოჰლეოდეს?(საკვირველია ფრიად...ასეთი დედაკაცი კაცს სახლსა ჰყავდეს და ომი წააგოს? თან დედაკაცი ჰმეფობდა ამათ, ახლაც დედაკაცი ჰმეფობს...ბათირ ბოღმიანად გადააფურთხა-დედაკაცების ქვეყანა!
დედაკაცი მეფედ! დედაკაცი ღმრთის დედად!!!
ძუძუთა ბალღებიც კი არა სტიროდნენ...(ყველა მაძღარი და სუფთა როგორღაა, აკი უთენია წამოჰყარეს საწოლებიდან?),,,
მარტო ხორაზმელთა ცხენების ფლოქვების თქარათქური და ჭიხვინი, მარტო ასისთავების გადაძახილები, მათრახისა და ხმლების შხუილი...ქართველებისა ჩიტებიც აღარ ჭიკჭიკებდნენ, მდინარეც კი უჩვეულოდ ჩუმად მოდიოდა.აკიღა თავმოჭრილ გვამებსა ჰყრიდნენ შიგა,ალბათ სისხლსა რცხვენოდა შხეფებად ასვლა...
დაკვირვებული მეომარი იყო ბათირ...
ჯალალთან ერთად ხორეზმიდან საქართველომდე ჩამოსულა, ალბათ ასამდე ომში მოხვედრილა, ბევრი მოუკლავს და დაუჭრია, სიკვდილსაც ბევრჯერ დასხლტომია თვითონ, მაგრამ დღეს რაღაც სხვა დღეა... არც ეს ხალხი უნდა იყოს ცხვარი... რაღაცა ეშლება ბახორს, რაღაცას ვერ ხვდება ბათირ...
-ათ–ათად გამოუშვით აქეთ!
– ვინც ამ სურათებს დაადგამს ფეხს– არა რას ვერჩით, ვინც არა თავებს ვაჭრით... მხოლოდ თარჯიმანი ყვიროდა ქართულად.
ქართველები კი ისევ მდუმარედ იდგნენ და ყველა ათეულის გასვლაზე, თითქო ბრძანებას ასრულებენ თვლითაო, ხელით ყველა ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებდა შუბლზე, მუცელსა და მხრებზე, ... მორჩებოდნენ თუ არა, ყველა თავს იდრეკდა და ჰოი საოცრებავ–– უკვე წელში გამართულნი –მშვიდად იღიმოდნენ!!!
აგერ ის ბალღიც, ბახორმა რომ გააფრთხილა, თუმცა რაღა ბალღი ეთქმის–თექვსმეტისა იქნება... თექვსმეტი წლისა იყო ბათირ, ჯაჭვის პერანგი რომ ჩაიცვა, ეს ბალღიც იქნებ მეომარი გამოსულიყო, ახლა კი ალბათ არც ეს დაადგამს ფეხსა და თავს გააგდებინებენ ორიოდ წუთში... ბათირამ ბოღმიანად გადააფურთხა...ბალღის და დედაკაცის ქვეყანა!
ბალღსღა უყურებდა ბათირ, მიიყვანეს სურათთან... ბალღმა ისევ ის მოძრაობა გააკეთა ხელით, მდუმარედ გაჰყვა მებადრაგეთ...მაგრამ ჰოი შაითან!!!
ორივეს ხელი ჰკრა და სანამ გონზე ვინმე მოვიდოდა ხიდის მოაჯირს გადმოევლო...
ქართველებიდან ისევ მტკვარმა ამოიღო მხოლოდღა ხმა, ბიჭის მკლავურს აყოლებდა ჩქაფუნს… დაკვირვებული კაცი იყო ბათირ,– ეტყობა წინასწარ მოილაპარაკეს, ბიჭს ყურადღება უნდა გაეფანტა და ქართველები ამბოხს დაიწყებდნენ... სწრაფად გამოერკვა , თავისიანებს შესძახა – ყველამ თავის საქმე აკეთოს! ამას მე მივხედავ და...
გაწვრთნილი იყო ჯალალის ჯარი, სიკვდილის მანქანა ისევ მწყობრად ამუშავდა...
ქართველები ისევ მდუმარედ იდგნენ, მარტო ბიჭი და მტკვარი ერთად თუ არღვევდა იმათს სიჩუმეს. ბიჭმა ნაპირისკენ გაცურა... ბათირ(დაკვირვებული ბათირ) მშვიდად იდგა ხიდზე(ელოდა რომელი ნაპირისკენ წავიდოდა ურჩი ქართველი) და მხოლოდ მაშინღა ჰკრა დეზი ცხენს, როცა ბიჭმა ნაპირს გამოაღწია და მტკვრის აღმა გაიქცა ნაპირ–ნაპირ.
სწრაფად გარბოდა ბიჭი, ხანდახან მტკვარსაც ჩაჰკრავდა ხოლმე ფეხს(აქაც არ ისროდა მტკვარი შხეფებს, თითქო ზედ წყალზე გარბოდა ბიჭი(ოინბაზობაა ალბათ რამ)
ბათირ აცლის , აცლის სანამ სიქა არ გასძვრება... ამ ათასობით კაცში რაღა ეს გამოერია მოურჯულებელი...ირბინოს, ნეტა რამდენს ირბენს? ცხენი არ დაიღლება, ხორეზმიდან საქართველომდე არ დაღლილა...პატრონთან ერთად ომ და ომ მოვიდა თბილისამდე... გაქცეული ჯარის მეტი რა უნახავს და ბრალი მისი , ვისაც ბათირ დაეწია! წესად ჰქონდა, შუაზე უნდა გადაეჭრა ზურგის შემქცევი , მაგრამ დღეს არ შეიძლება, მერე რა რომ მარჯვენა უჭრის–––ჯალალის ბრძანებაა: თავი უნდა მოეკვეთოს ყველა ურჩს... ჯალალის ბრძანებას კი ბათირ მუდამ ასრულებდა.
ბრძენი და მამაცია ჯალალ, ნაფიქრიც კი მისი-უნდა შესრულდეს!
ჰო და ახლაც შორიახლო გაჰყვება, დაქანცავს და...
ბიჭს დიდხანს არ ურბენია,– ეტყობა მიუხვდა მდევარს. რამდენჯერმე მოჰხედა უკან, და როგორც კი ხიდი თვალს მიეფარა... შედგა... ისევ მტკვარში შევიდა(ისევ არ გაიღო ჩქამი წყალმა)
ეტყობა ამ ადგილას ფონი იყო, შვიდიოდ ნაბიჯი გადადგა და წყალი ისევ კოჭებამდე წვდებოდა.(თუ წყალზე დადიოდა? სადღაც სმენია ბათირს, რომ იმ სურათებზე დახატული ბალღი დიდობაში წყალზე დადიოდა)
ბათირ ცხენიდან ჩამოხტა, ელვის სისწრაფით გააძრო ხმალი , ბიჭს შეხედა... ბიჭი მდევრისკენ მოტრიალდა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. წამით შეებრალა ბათირს,– უიარაღო ბალღის მოკვლა რა მეომრის წესია? თვალებით უთხრა–წამო, დაადგი ფეხი იმ არაფრისმომცემ სურათებს...გადარჩი... იცოცხლე...–
თვალებითვე გაუგო ბიჭმა, არც ის ბუტბუტი შეუწყვეტია...მერე უცბათ დაიხარა(ეტყობა ქვას დასწვდა)...
ბათირ გამოერკვა:
სამ თვალისდახამხამებაში მისწვდა სახმლე მანძილზე 
სამ თვალისდახამხამებაში იგრძნო სამჯერ სახეზე მტკვრის ცივი წყალი... 
სამ თვალისდახამხამებაში გაიგონა სამი მარცვალი: 
– გაბ–რი–ელ!!! სამ თვალისდახამხამებაში სამჯერ თვალისმომჭრელად განათდა ბიჭი...
გაოგნდა ბათირ,– სამ ასეულზე მეტი მოუკლავს... არ ანათებდნენ მოკლულები
ზეცას ახედა... არ ელავს ასეთი ცის დროს...
თავმოჭრილ ცხედარს დახედა...არასდროს შეშინებია მკვდრის...ეხლა???
ცხენისკენ მიაპყრო მზერა...მოეჩვენა თუ?– ტიროდა თეთრი ცხენი...
დიდხანს იდგა ბათირ ცოცხალმკვდარი, სახეზე ხელი მოისვა...სველი რაღატომღა აქვს სახე?––ჰო, ბიჭმა ხომ წყალი შეასხა... უნდა შეშრობოდა აქამდე...
ცრემლი?
ეს რაღაა?
დედაკაცი გახდა ჯალალის ასისთავი?
ჯალალ?–– აქ რომ იყოს თავის ხელით მიაღრჩობდა ბათირ...
ბათირ?–– ვინაა ბათირ?
გამოერკვა.
ერთი ხელით ცხედარი გამოიტანა ნაპირზე... მეორით თავი... ერთად დაასვენა...
დაასვენა?,,-რაღასა ჰქვია?
არა სწრაფად უნდა გაშორდეს აქაურობას, თორემ გაგიჟდა ბათირ... ცხენს უხმო...
ცხენი დაიღალა ისეთი სისწრაფით მივიდა ხიდთან, არა და არ იყო შორი...
სიკვდილის მანქანა ისევ გამართულად მუშაობდა... არავინ ადგამდა ხატზე ფეხს.
ხატზე?... ხატი რაღაა?
ქართველები ისევ იღიმოდნენ... მოეჩვენა ყველა მას უღიმოდა...
ურჯულოები ისევ ვერ ძღებოდნენ სისხლით...ურჯულოები???
... და თავის მოკვეთის წამს ყველა ქართველი ისეთივე შუქით ბრწყინავდა...როგორც ის ბალღი!!!
აგერ ბახორ, –მიუახლოვდა...
– რა შუქს გამოსცემენ ქართველები, ბახორ?
– შუქს? რა შუქს? თრიაქს არ ეწეოდი, ბათირ!–(კარგად ხუმრობდა ხოლმე ბახორ, სიცილ–სიცილით უომიათ კიდევაც ერთად... ახსოვს ბათირს,– ჯერ კიდევ ხორეზმს არ გამოსცდენოდნენ, ნადირობისას მონღოლთა ოცეულს გადააწყდნენ(ალბათ მზვერავებს), ზურგ და ზურგ დადგნენ ერთმანეთთან, ათორმეტიოდეს გაავლეს მუსრი, დანარჩენები გაექცნენ,– შვიდნი ორს!... გაექცეოდნენ აბა რა,– თან კაფავდა და თან სასაცილო რაღაცებს ყვებოდა ბახორ... თან კაფავდა და თან იცინოდა ბათირ...–გამოერკვა
– შუქს ვერ ხედავ, ბახორ? ვერ ხედავ როგორ ბრწყინდებიან სიკვდილისწამს მოწამენი?
მოწამენი???
მოწამენი???
მოწამენი??? გაოგნდა ბახორ, გაკვირვებით შეხედა
ელვის სისწრაფით გაენთო მხედარი მტკვარაღმა... პასუხი ალბათ სადღაცა იყო,– პასუხი ყოველთვის სადღაც არის!!!-მაშ ეს ჩუმი მტკვარი ხომ არ წაიღებდა ცხედრებთან ერთად?...
ერგასი ნაბიჯიღაა ცხედრამდე...
გაბრიელ!!!–(რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ?)
გაბრიელ!!!–(რამდენი კაცი მოუკლავს–ყველა რაღაცას იძახის ,– რაღა ეს აეკვიატა?)
გაბრიელ!!!
შედგა, აშკარად ყურთან გაიგო,ხმა იყო და არა გულისხმა– ხმამაღალ ჩურჩულსა ჰგავდა...
თავისი სახელი დაგარქვა ბიჭმა, –როცა გნათლავდა მაშინ... უკვე ჩემთანაა! ასი ათასს მოჰკლავენ უბედურები,– ასი ათასივე ჩემთან იქნება საუკუნოდ!
უნაგირქვეშა სამალავიდან ნაალაფარი ოქრო ამოიღე, იქედან ჯვარია მარტო შენი– ღირსებით ატარებ?–მიხილავ!!! 
უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი!– აღმოხდა გაბრიელს...(აღარ გაჰკვირვებია), მსწრაფლ ჩამოხტა ცხენიდან, ჯვარი ამოიღო, ემთხვია, მუხლებზე დაეცა...
უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე...
შვიდნი მოწყალებათა საქმენი ხორციელნი
1.ჭმევა მშიერთა
2.სმევა მწყურვალთა
3.შემოსვა შიშველთა
4.შეწყნარება უცხოთა
5.მოკითხვა სნეულთა
6.მიხედვა პატიმართა
7.დაფვლა მიცვალებულთა
რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ქრისტიანობა კაცმა...მეშვიდე შეხვდა პირველად გაბრიელს...
მოკრძალებით მიუახლოვდა წმინდანის ცხედარს. ჯვარი რატომღაც გულზე დაადო. ნაპირთან ახლო მომაღლებული ადგილი შეარჩია,– მოდიდებული მტკვარიც ვერ მისწვდებოდა იქამდე.
ხმალით დაიწყო საფლავის გაჭრა, ჯაჭვის პერანგიც გამოდგებოდა მიწის ამოსაყრელად, მუზარადიც სწორედ შესაფერისი იყო ამისთვის. პერანგს ზოლი შეამოარღვია, ჯვარს საკიდრად გაუკეთა,– მოირგო...ეამა...მაჯისსიმსხო სწორი ორი ტოტი მოჭრა, გათალა, პერანგის ნარღვევით ჯვრად შეკრა... გაეღიმა, –არ ყოფილა ურიგო მიწის მუშა, იქნებ კარგი დურგალიც გამოსულიყო , ბალღობიდან კაცის კვლა რომ არ ესწავლებინათ...
საფლავს რომ მორჩა მტკვარში მოისროლა მუზარადი, პერანგი საფლავზე დადო...
მოსაღამოვებულს დამარხა გაბრიელმა გაბრიელ.
ახლა კი...
რადაც არ უნდა დაუჯდეს ჯალალს თავს წააგდებინებს! ასე მიწითა და სისხლით მოთხვრილს შიშველი ხმლით ხელში ვინ მიუშვებს, მაგრამ...
მოიცა ერთი მოიფიქროს... ხიდისკე დაეშვა გაბრიელ...
ბახორთან მივა, იტყვის რომ ზემოთ ქართველებს გადაეყარა, ბრძოლა გაუმართა, ცხენიც მოუკლეს ...სულ ხუთნი იყვნენ...შეპყრობილი ჰყავდათ მთელი დღე, მოსაღამოვებულსღა გამოექცათ...ხმალი? ხმალი მართლა ზედმეტია–მტკვარში მოისროლა გაბრიელმა...
ჰო, იტყვის რომ იმ ქართველებს უთვალავი სიმდიდრე ჰქონდათ და რომ ჯალალის გარდა არავის ეტყვის სად დაბინავდნენ ღამის სათევად, ჰო იმიტომ არ მოკლეს, რომ სიმდიდრის ნაწილს ათრევინებდნენ...თვითონ წამოვა ჯალალ, ხუთზე მეტს არ იახლებს...იარაღსაც მისცემენ გაბრიელს...მშვენივრად ეჩვენა გეგმა ...
ერგასი ნაბიჯია ხიდამდე...
სიკვდილის მანქანა გამალებით მუშაობს... არავინ ადგამს ხატებზე ფეხს...
წითელი მტკვარი დუმილით იღებს წმინდანთა ნაწილებს
წმინდანთა!!!
წმინდანთა!!!
წმინდანთა!!!
მიუახლოვდა გაბრიელ, სახეებიც ჩანს უკვე...(დახატვა მაინც შეეძლოს)მოსაღამოვებულზე უფრო კარგად ხედავს გაბრიელ, – როგორ ბრწყინდებიან შუქით ქრისტიანები...
აგერ ბახორის რაზმს ახალი წყება მოჰყავს ქალაქის ზემო ქუჩიდან...მირბენა ჯობია...(დამაჯერებლობისთვის)...აირბინა კიდეც ნაპირიდან... და როგორც ბადრაგი ზურგით დალანდა, თავი დახარა- არავის ეცნო , ჯვარი გამოსაჩენად შეისწორა...და...
და ქართველებს შეუერთდა.
ქრისტეს შობიდან 1226 წ.
ქრისტეს შობიდან 2007წ
ჯაჭვის პერანგი მიწამ დაფარა, იმ ადგილზე ახლა პარკია, მიწის საკმაოდ სქელი ფენის ქვეშ მოექცა პერანგი... ამ რამდენიმე წლის წინ თბილისში საიდანღაც გველები გაჩნდნენ ...პერანგის ქვეშ ბუნებრივი საბუდარი დახვდა და თავს მშვენივრად გრძნობს ერთი მათგანი

რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ღმერთო!!!

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1014 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz