მე ისტანბულში შავი ჯუმა რომ გამითენდა, ნამაზ-ნალოცი ჩადრიანი ხანუმი-ქარი, ცოფიან სხივით აზღარბულ მზეზე, გასაშრობად რომ ცელოფნების ფეშტემლებს შლიდა, შენ ხმელი ლექსით პარასკევი დაგხვდა დრეზდენში. მიდის გზა, მიდის ექვსივე მხარეს, გზას მივყავარ და, თითქოს, გზა მიმყავს. მიედინება ჩქარა, მაგრამ მონოტონურად. ზომბირებული ხალხის მდინარე. ჭამად, ჩაცმად და მონელებად გადაქცეულა მეექვსე გზისკენ გადახრილი სამყაროს ეზო,- მზის მესამე და ბებერი სოფელი. ცათამბჯენების ნათელ უღრანში, მხიარულ, მაგრამ მარტოობით სავსე პროსპექტზე, აბღავლებულ და მოხარხარე მანქანებს შორის, უცხო ჩიტივით მიფრინავს...თუმცა, კი არ მიფრინავს, ვერცხლისწყალივით მიგორავს სული, ელექტრონული დროისთვის უცხო, უფუნქციო და უგარანტიო, როგორც მოდიდან გამოსული რეჟისორი, ჩამოწერილი, შემცირებული, ავანსცენიდან კულისებში გადაყვანილი. მე-არქაული, საწაღმართოს ჩამორჩენილი, ბირთვულ მინდორზე მოხეტიალე სულს რომ ვუყურებ, მჭლესა და გამხდარს, მშიერს და მწყურვალს, ასე მგონია, კაცი კი არა, ყველაზე დიდი ინვესტორი-ღმერთი გაკოტრდა, კი არ გახუნდა- ჩამოიაფდა და კი არ გაცვდა-ჩამოფასდა ათივე მცნება, ერთ დროს ყოველი დროის და სივრცის მარადიული ინვესტიცია, ორიათასი წლის წინ რომ ჩადო და დააბანდა ღმერთმა მის მიერ თვისსავე ხატად შექმნილი ჭურჭლის ნათელ გონსა და უწრფელეს გულში. ჩემი დუმილი, მობილურით აზიიდან გამოგზავნილი, რომლის წაკითხვაც დუმილითვე შენ შეგიძლია, გაიბნა, სადღაც, მესიჯების ევროპულ ტყეში. და ხეტიალით ქანცგამოცლილი, რიგორც #599 91 84 80 ზონიდან გაქცეული ლტოლვილი, ისვენებს, ალბათ, რომელიმე სახლის ან კოშკის, ოფისისა თუ სავაჭრო ცენტრის ფანჯრებზე ანდა სახურავებზე. არყოფნის ქვაბში ამაღლებაც ჩაიციკლება, ალბათ იმიტომ, რომ როგორც სცენა, სამყაროს ზურგიც ნაწილია ამ სამყაროსი.