ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:57 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » მეზობლები

4:40 PM
მეზობლები

შევედით თუ არა, სუფრა გამოაცვლევინა მოხუც დიასახლისს. ძველი, ყვავილებიანი პოლიეთილენის მუშამბა ააღებინდა, შიგადაშიგ ბასრი დანისგან იარები რომ ეტყობოდა და თეთრი, ვარდებამოქარგული გადასაფარებელი მოირგო ხის მრგვალმა, ფეხმორყეულმა მაგიდამ.
მეზობლის ძაღლი გამეტებით იყეფებოდა ჩვენი ოთახისაკენ.
- ნუ წუხდებით ქალბატონო..
- ნინა, შვილო, - გაგვიღიმა მოცუხმა, - ნინა ბებო დამიძახეთ, რა შეწუხებაა.
ცოტახანში ოჯახის უფროსიც შემოვიდა. მაღალი და კუშტი კაცი ჩანდა. დიდი, გათეთრებული წვერით და ზორბა წარბებით. დოქი მაგიდაზე შემოგვიდგა და თვითონაც ჩამოჯდა. უხმოდ აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, წვერი ხელით გაისწორა და აშკარად მიხვდა რომ უხერხულად ვგრძნობდით თავს.
- ნინა! მოიტანე ახლა რამე, ეშიებათ ბავშვებსა, - გასძახა დიასახლისს და დადებითი პასუხის მიღებისთანავე ღვინო ჩამოასხა. სათითაოდ დაგვიდგა ჭიქები, სკამზე მოიკალათა, იდაყვები მაგიდაზე შემოაწყო და ორივეს განაწყენებული სახით მოგვაშტერდა.
- რამდენ ხანს უნდა მჯდარიყავით იმ გაყინულ მანქანაში, გაგიფუჭდათ - გაგიფუჭდათ, აქა რა ხალხი არა სცხოვრობს? არ არი პაპა ეგ მორიდება კარგი ამბავი, მე რო არ დამენახეთ ხო იჯდებოდით იქა, ამ სიცივეში, თანა, ეგეც რო არ იყოს, ნამეტანი ადრე დაგვიდგა სულძაღლი ზამთარი, არხეოლოგივით ვიქექები ამოდენა თოვლში რომა მოსავალი ვიპოვნო. აბა ეგ არი საქმე? - თავი გადააქნია მოხუცმა და ისევ მეუღლეს გასძახა უკვე ბრაზნარევი ხმით, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო ნაადრევად რომ ჩამოთოვა. 
- დიდი ბოდიში, ბატონო, ისედაც შეგაწუხეთ, მართლა არაფერი გვინდა. - ვცადე დამერწმუნებინა მოხუცი, თუმცა მაშინვე ვინანე ისეთი სახით გამომხედა.
- ჯერა, შვილო, რაის ბატონი მე ვაარ, თედო დამიძახეთ, უბრალოდ თედო პაპა, მეორეცა კიდევა, პატარა ბიჭები აღარა ხართ, ასეთი რამე რომ გეშლებოდეთ, სხვანაირად არ გამოვა! - დაამთავრა და ჭიქას მოკიდა ხელი. ქალბატონმა ნინამაც გააწყო მაგიდა. სულ რამოდენიმე ჭიქით დავილოცეთ, ცოტა ვილაპარაკეთ, გაგვიცნო მეტნაკლებად და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ღამე კარგა ხნის ატუზული იყო დაორთქლილ ფანჯრებთან.
თოვას მოემატებინა.
მეზობლის ძაღლი ისევ ავად იყეფებოდა და მის ფონზე შეშინებულივით ტკაცუნობდა ღუმელში შეყრილი შეშა.
ვიგრძენი რომ მოვითენთე და ცოტა ძილი არ მაწყენდა. აშკარაა სამსახურში დავაგვიანებ, ჯერ ისიც არ ვიცით რა მოუვიდა მანქანას. ნიკაც ძილზე ფიქრობს. გვიანია.
- აღარ გაჩუმდება ეს ოხერი? - უცბად წამოენთო მოხუცი. -ყოველ ღამე ასეთ დღეშია, არადა მეცოდება რაღა, სუ უპატრონოდღა დარჩა, რაც საწყალი კატია წავიდა ამქვეყნიდანა. ეჰ, რა არის ცხოვრება, ვერ გაიგებ მაინცა, - თითქოს ბრაზმა გადაუარა და უსუსურობა შემოეხვია. - ძალიან უყვარდათ ეგ ძაღლი ბიჭებსა, მახსოვს პატარები იყვნენ რომ მოიყვანეს, თავზე ევლებოდნენ, ჰო, კარგი მეზობლები მყავდა აქეთა, ორი კარგი, ზრდილობიანი, ახმახი ბიჭი, გიორგი ერქვა უფროსსა, პატარასა - მირზა. სამი წელი იყო სულა განსხვავება. რო შეხედამდი იტყოდი, ყოჩაღ ბიჭებო თქვენს დედასაო. მართლა ყოჩაღი ქალი იყო კატიაი, ობლად გაზარდა ამისთანა დროში ამისთანა ბიჭები. ლტოლვილები იყვნენ, ცხინვალიდანა, მამა იქ მოუკლიათ სეპარატისტებსა. აქ რომ ჩამოვიდნენ ბავშვები იყვნენ ჯერ კიდევა, ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მახსომს ეთქვათ ვინმესთვინა. - მოხუცს ხმა გაებზარა და ლოყაზე ძარღვის დაჭიმვით სცადა თავის შეკავება, პაუზა გააკეთა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა. - რომ გაიზარდნენ ჯარში წავიდნენ, კონტრაქტს რომ ეძახიან იმაში, ტანკისტები იყვნენ ორივენი. ჩვენები ცხინვალში რომ შევიდნენ იქ იყვნენ გიორგიცა და მირზაცა. პატარასა, მირზასა არა ხსომებია ცხინვალის სახლი და უთქვია ძმისთვისა ვნახოთო და წასულან ორივენი. მოშორებით ყოფილა, გარეუბანში, რო მისულან გადმოსულან ტანკებიდანა და... მერე გიოს უყვირია არ ისროლოთ ძმებო აქაურები ვართო, სახლში ვართო.
მოხუცმა თავი დახარა და ტუჩი მაგრად მოიკვნიტა სიმწრისაგან. მომეჩვენა რომ ძაღლის ყეფა საცოდავ წკმუტუნში გადაიზარდა.
- ერთმა ოსმა ქალმა ჩამოიტანა ამბავი, ნათესავი ყოფილა და სარდაფში დამალული უყურებდა პატარა ფანჯრიდანა. უნდა გენახათ საწყალი კატიაი, ადამიანს აღარა გამდა, ყველა მოვიდა დასაფლავებაზე ვინაც კი სოფელში იყო დარჩენილი, ძირითადათა მოხუცები ვიყავით. ამ ჩემი ბებერი, დასამიწებელი ხელებით გავუთხარე საფლავი ბიჭებსა. არ მინდოდა მარა არ იყო მეტი არავინა, რა მექნა, რა გამეკეთებინა, ვთხრიდი და ვსტიროდი თანა ამხელა კაცი. რო უნდა ჩაგვესენებინა, გაგვაჩერა კატიამა, ჩაიმუხლა კუბოებს შორისა, შემოხვია ხელები და თავიდან ბოლომდე, ატირებული ხმით უმღერა შვილებსა იავნანაი.
მოხუცმა თავი ვეღარ შეიკავა და სუნთქვაზე შეეტყო ტირილი.
- კაცი არ უნდა ყოფილიყავი ამისთვინ გეყურებინა და ყელში არ გაგჩხეროდა ის რაღაც ბურთი, ასე ხშირად რომ გვემართება ქართველებს ბოლო დროსა. .
წამოდგა, სკამი გაასწორა. ცოტახანს დუმდა. მერე მინელებულ ღუმელთან მივიდა და მაშით გაასწორა ნაკვერჩხალი.
- მოგასვენებთ ახლა, დაღლილები იქნებით, ისედაც მოგაბეზრეთ თავი ჩემი ბებრული ლაპარაკითა. ნინაა! გაუშალე ბავშვებსა ლოგინები!

თვალი ვერ მოვხუჭე იმ ღამით. გარკვევით მესმოდა როგორ თოვდა, როგორ ედებოდა მიწას და იმეორებდა:
"დაიძინე, გენაცვალე,
იავ ნანი ნაო,
ჯერ არ გათენებულაო,
იავ ნანი ნაო."
ძაღლი აღარ ყეფდა.

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 909 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz