არ ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებისგან, ყოველ შემთხვევაში ჯერ, მაგრამ დრო მიჩვენებს ყველაფერს, იმედია. კარგა ხანია დღიურის წერა დავიწყე და რა მომცა ამან, არ ვიცი, მე ხომ არასდროს ვკითხულობ ჩემს გრძნობებზე. არ მაინტერესებს, რას ვგრძნობდი ორი წლის წინ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ნეტა კარგია თუ ცუდი? საერთოდაც ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, ისეთი, როგორიც ყველა მოსწავლეს. გულწრფელად რომ ვთქვა სკოლაში საშუალოზე დაბალ მოსწავლედ ვითვლები, მაგრამ მე მაინც ჩემს თავს კარგ მოსწავლედ ვთვლი, ეს უბრალოდ ყველა, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მტრულად არიან ჩემ მიმართ განწყობილები და რაც არ უნდა გავაკეთო არ მიფასებენ. აი მაგალითად, როგორ შეიძლება დაუწერო ბავშვს 8, როდესაც მას მხოლოდ ერთი ათიანი აქვს მიღებული, მართალია მეგობრების დახმარებით, მაგრამ... როცა მოვითხოვე ეთქვათ, როდის დაწერეს ეს ნიშანი-თავხედად ჩამთვალეს, კი ბატონო, გამოვჩნდე თავხედი, მაგრამ თავს არავის დავაჩაგვრინებ. მერე რა, რომ საკონტროლო გადავწერე და ისე მივიღე ცხრიანი ,,ვიჩალიჩებ” და ათიანზე ავაწევინებ მასწავლებელს და მერე თუ სემესტრულს ათს არ გამომაყოლებს... სკოლაში წასვლის დროა, ცოტა მაგვიანდება, მაგრამ არა უშავს უკვე მოფიქრებული მაქვს სათადარიგო გვარი სიაში ჩაწერისთვის, აბა ისეთი შტერი ხომ არ ვარ იქ საკუთარი გვარი ჩავწერო და ნუ მიყურებ ეგრე, ათი წუთით მეტი ძილი მიღირს ამად, სულ გავგიჟდი რა, კატას ველაპარაკები... კარგი ახლა წავედი თორემ ასე დაგვიანებაც უსინდისობაა. ჩანთა ავიღე, იქ როგორც წესი კოსმეტიკის გარდა არაფერია, მაგრამ სამაგიეროდ მსუბუქია, აბა მეც, ჩემი ზედმეტად პატიოსანი დაქალივით, ყველა წიგნს ხომ არ ვატარებ და მერე ვიწუწუნებ როგორ მტკივა მხრებიო. აი ახლაც, მივალ და მისაყვედურებს მერამდენედ უნდა დააგვიანოო, ნერვებს მიშლის ამ ბოლო დროს რა. მერე რატომ ვემეგობრები, ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა არა? მჭირდება, უბრალოდ ძალიან მჭირდება, უნდა ვაღიარო მის გარეშე ყველა საგანში ბევრად უფრო დაბალი ნიშანი მეყოლებოდა, მე კი ამას ვერ დავუშვებ, ვერ წარმოიდგენთ რა მომაბეზრებელი და უინტერესო ვინმეა, როცა მეკითხება გაკვეთილი ვიცი, თუ არა ყოველთვის ვპასუხობ, რომ კი, ვერ წარმოიდგენთ რა ადვილია მაგის მოტყუება, ხო მართლა, მე ელენე ვარ, ჩემს დაქალს კი ნანა ჰქვია. მერე, თუ მასწავლებელი ამაყენებს, ან ის მიკარნახებს, ან თუ ხასიათზე ვერაა, თავს ჩვეული ფრაზით ვიმართლებ- ,,ვიცი, მაგრამ ვერ მოვყვები” და რა თქმა უნდა ყველანი დაიჯერებენ. თუ არ დაიჯერებენ, არც ამაზე ვიდარდებ მაინცდამაინც. საკონტროლოზე მთელ მასალას კარგად რომ დავწერ, მიხვდებიან, რომ ვისწავლე და ამ ერთ უცოდინრობასაც მაპატიებენ. ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრებაში მე მეტს მივაღწევ ვიდრე ჩემი მეგობრები, რომლებიც თავს იკლავენ სწავლით. აი ნახავთ, შემდეგში ისინი უბრალოდ ჩემი ქვეშევრდომები იქნებიან, მე ხომ მბრძანებლობისთვის ვარ გაჩენილი, დედოფლობისთვის, ჩემი გარეგნობა მოწმობს ამას. თუნდაც ახლა, ჩემი მეგობრები ყველა სურვილს მისრულებენ. უბრალოდ თხოვნით სავსე თვალები უნდა მივაპყრო და შევეხვეწო. მერე ყველაფერი თავისით ლაგდება, თუ არა და ყოველთვის შემიძლია ცრემლები გადმოვყარო და ვთქვა, რომ უბრალოდ ცუდად ვგრძნობ თავს, მაშინვე ყველანი დამეხვევიან და სათითაოდ მკითხვენ რა გჭირსო. არ გჯერათ? შევამოწმოთ, თუ გინდათ. კლასში უბრალოდ მოღუშული სახით შევედი მასწავლებლის შენიშვნაზე გავიბუტე, თითქოს არ მეკუთვნოდეს, ნანას გვერდით დავჯექი და მთელი გაკვეთილი ხმა არ ამომიღია, თვითონაც არ ჩანდა ლაპარაკის ხასიათზე, თითქოს მასწავლებელს უსმენდა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამეზე ფიქრობდა, უფრო სწორად ვინმეზე, ორი წელია უიმედოდაა შეყვერებული დათაზე, ჩვენი კლასელია, გვერდით რიგში ზის ამ გაკვეთილზე. მასთან შანსი არასდროს ჰქონია ნანას, დათას მისნაირი გოგოები არ მოსწონს, მისი გულის დასაპყრობად ,,სწერვა” და ,,მაგარი გოგო” უნდა იყო. მინი კაბებითა და ქუსლიანი ფეხსაცმელებით და ,,დაცემა” ტანით. სიმართლე, რომ ვთქვა ნანა ძალიან ლამაზი გოგოა, ზოგჯერ გამომწვევადაც აცვია, მაგრამ ამას მგონი არც ერთი ბიჭი არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ყველასთვის მისი ტვინი და სულიერი სამყარო უფრო მიმზიდველია ვიდრე სხეული. ახლაც ისეთი დეკოლტირებული მაისური აცვია, რომ მე მრჩება თვალი და წესით ბიჭებს რა უნდა მოსდიოდეთ? მაგრამ ისინი ლაპარაკისას მუდამ თვალებში უყურებენ და ისე უყვართ, როგორც ძმაკაცი. დათაც მისი მეგობარია, როგორ ახერხებს ყველასთან კარგი ურთიერთობის ქონას აზრზე არ ვარ, მაგრამ მე მგონია, რომ ფარისეველია და მისი ლამაზი, ლურჯი თვალების მიღმა საშიში ძალა იმალება. როგორც იქნა ზარი დაირეკა, აი ხომ ვთქვი, რამდენიმე კლასელი უკვე ჩვენს მერხთანაა, მეკითხებიან როგორ ხარ, რა გჭირსო. ნანამ უცერემონიოდ დატოვა კლასი, ეჭვიანობს თავის მეგობრებზე, აბა რა. მას არავინ გაჰყოლია, ეგრეც მოუხდება. მომინდომა აქ ,,რკინის ლედიდ” ყოფნა. არავის არასდროს ახვევს თავს საკუთარ პრობლემებს. აი დღეს კი მართლა რაღაც სჭირს, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და არავის ეტყვის, ზუსტად ვიცი, თუ არ ჰკითხეს მას კი ვინ ჰკითხავს, როცა ყველანი ჩემი ,,პრობლემის” გამოცნობას ცდილობენ. -ნანა სად არის? იკითხა ავთომ, აი მას კი უსიტყვოდ ესმის მისი. არ ვპასუხობ, ან რა უნდა ვუპასუხო, რომ სულ არ მაინტერესებს სად არის ჩემი დაქალი? მესამე გაკვეთილზე საკონტროლო გვაქვს, იმედია იქამდე მაინც მოვა ხასიათზე. თორემ ნახევარი კლასი მაინც ძალიან ცუდ ნიშნებს მივიღებთ, მარტო ეგ სწავლობს მე მგონი, ნეტა რად უნდა ამდენი სისულელე თავს ტყუილა იტენის რაა. ოჰ, დაბრუნდა ქალბატონი, ყველას უღიმის, თითქოს კარგ ხასიათზეა, მაგრამ მე ვერ მომატყუებს. ჰმ, ფარისეველი. ახლა უნდა, რომ ვკითხო რა სჭირს, ვერ მივართვი. აი ნახე თვითონ მკითხავს, რადგან მგონი ჩემი ამბავი ძალიან, ძალიან აღელვებს, ამ საცოდავ არსებას ზედმეტად ვუყვარვარ. -ელე, მოხდა რამე? აი ხომ ვთქვი, ახლა დუმილი დაახლოებით 40 წამი და მერე დავიწყებ, აღფრთოვანებული ვარ საკუთარი თავით. კარგი მსახიობი ვარ. გაიგონე, როგორ მეჩხუბა მასწავლებელი რომ დამაგვიანდა, რა მოხდა მერე ორი წუთით, თანაც პირველი თუ მეორე შემთხვევაა წელს, არადა თუნდაც ლაშა, თითქმის ყოველ დღე აგვიანებს, ისე მეწყინა ვერ წარმოიდგენ, არადა როგორ პატივს ვცემდი ამ ადამიანს ახლა კი მგონია, რომ სულ არ ვაინტერესებ და საეთოდ უკანასკნელ მოსწავლედ მთვლის. ასე არ შეიძლება... კიდევ ერთი ნაღვლიანი გამოხედვა და ეგაა. ახლა დაწყნარებას დამიწყებს, რომ ხანდახან მასწავლებლებსაც ეშლებთ, მე კი ვეტყვი, რომ ამ საგნის სწავლის სურვილი საერთოდ დამეკარგა და ა.შ. შევცდი, ნანა უბრალოდ გატრიალდა და არაფერი უპასუხია, მის კრიალა თვალებში ყოველთვის ჩანს რას ფიქრობს, ახლაც ვიცი, რომ იხსენებს რამდენჯერ დავაგვიანე წელს და ალბათ სურვილი აქვს, რომ მითხრას ცუდი მოსწავლე ხარ და ყველაფერი შენი ბრალიაო. მაგრამ ასე არ იზამს, იმიტომ რომ ჩემი გრძნობები მისთვის მნიშვნელოვანია, არ მაწყენინებს, რადგან ზედმეტად კეთილია. ამიტომ არ ამბობს არაფერს და უბრალოდ ტუჩის კუთხეს სწევს ზევით გაკვირვებისა და აღშფოთების ნიშნად. ეჰ ნანა წარმოდგენაც არ გაქვს რა კარგად გიცნობ, ვიცი როგორიც ხარ და რას ფიქრობ სინამდვილეში, მაგრამ ჯერჯერობით მჭირდები და იყავი ჩემთან, თან ტანსაცმელებშიც კარგი გემოვნება გაქვს და მეხმარები, შენც მაგრად იცვამ და თუ რამე წვეულებაზე მათხოვებ შენს კაბას, აბა მე ჩემი საქმეების მოგვარებით ისე ვარ დაკავებული, რომ შეიძლება არჩევა ვერ მოვასწრო, შენ კი იმდენი დრო გაქვს... ისე ეს საზიზღარი როგორ უყვართ ბავშვებს ვერ წაროიდგენთ, ხოდა მეც ვცდილობ მისგან ის ავიღო რაც ყველაზე ადვილი გადასაკოპირებელია ჯერჯერობით ჩაცმის სტილი, ლაპარაკის მანერა და ნიშნები საკმარისია, მერე შეიძლება შინაგან სამყაროსაც მივხედო თუ არ დამეზარა, მაგრამ რა თქმა უნდა დამეზარება, მე ხომ ასეთი ვარ რა ვქნა?! ნანა არ ცდილობს გამამხნევოს. ოოო, ეს მართლა საგანგაშო შემთხვევაა. – აუ კარგი რა ნანა, რა ეგოისტი ხარ მე აქ ასე ვღელავ, შენ კიდევ ერთ სიტყვასაც არ იმეტებ, მარტო შენს თავზე ფიქრობ, სულ არ გაინტერესებს მე რამდენად ცუდად ვარ. ახლა ნამდვილად გაება. -შეიძლება გავიდე. კითხულობს ნანა და კლასიდან გადის. ეს უცნაურია. მგონი მართლა სერიოზულადაა საქმე. არაუშავს რაც არ უნდა იყოს ახლა იმაზეც იფიქრებს ელეს ძალიან ხომ არ ეწყინაო. მესამე გაკვეთილი დამთავრდა გადასერევად დავწერე ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ნანა ამბობს რომ ყველა სწორია, დათოსაც დაეხმარა ისიც დიდ მადლობას უხდის და ახლა ამ სულელ გოგოზე ბედნიერი არსება არ დაიარება დედამიწის ზურგზე. დათა სთხოვს შემდეგ გაკვეთილზე მასთან დაჯდეს, ეს რაღაც ახალია, საინტერესოა ძალიან. იცით, ამ პატარა არსებას სიყვარულზე თავისებური შეხედულება აქვს, ის დიად და წმინდა გრძნობად ითვლება ნანასთვის და ხელშეუხებელი და შეურყვნელია, ამიტომაა დათას თამამად თვალსაც რომ ვერ უსწორებს. იცით, არავისთვის უთქვამს თავისი გრძნობის შესახებ, მე საიდან ვიცი? მისი დღიური წავიკითხე, ჰო ეს ცუდი საქციელია, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაცას მალავდა და ამის ასე დატოვება არ შემეძლო. ხოდა ახლა ჩემი ,,პატარა დაიკოს” შესახებ ყველაფერი ცნობილია ჩემთვის და მეც მშვიდად ვარ. იცით რა ეწერა დათას შესახებ?! მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის, ეს გრძნობა მზესავით ნათელია და წყაროს წყალივით წმინდა. სასაცილოა არა? არც ცდილობს ,,დაკეროს” რაღაცას ელოდება, მე კი ვფიქრობ, რომ თუ ბიჭი მოგწონს ყველაფერი უნდა გააკეთო მის ხელში ჩასაგდებად და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ერთიდაიგივე ადამიანი რამდენიმე თვეში მომბეზრდება. დამღლელია ეს ყვალაფერი და უაზროა მე თუ მკითხავთ. მაგრამ ჩემი რა საქმეა როგორ უყვარს ნანას, მთავარია მე რაც მჭირდება ყველაფერში მეხმარება და... ამ ბოლო დროს წუწუნებს დავიღალეო. რამ დაღალა ერთი ძალიან მაინტერესებს. დიდი დიდი ერთი პრეზენტაცია მთელი გუნდის მაგივრად გააკეთოს მარტომ, მერე რა ეგ ხომ ყველას შეუძლია. არა მაინც როგორ ახერხებს, რომ ყველა ბავშვს ძალიან უყვარს და პატივს სცემენ. ყველაზე გარყვნილი ბიჭებიც კი მისი თანდასწრებით არ უზრდელობენ. თვითონაც თავი ისე უჭირავს თითქოს ეს ასე უნდა იყოს და ბუნებრივია. სულაც არ არის ეგ ქალბატონი სამყაროს ცენტრი, ისე რომ ვთქვა პოპულარული გოგო არაა, უბრალოდ ჩვენს წრეში განსხვავებულია. რატომ არ ვიცი. არასდროს უთქვამს რამე ზედმეტად, არც ბოროტი ყოფილა, მაგრამ ზუსტად ვიცი მასში რაღაც იმალება. როგორც იქნა კიდევ ერთი სასკოლო დღეც დამთავრდა. რაზე ილაპარაკეთ შენ და დათამ სხვათაშორის ვკითხე. ბანკეტზე დამპატიჟა, გულგრილად მიპასუხა ნანამ და დაამატა ჯერ ადრეა და არც ვიცი ვისთან ერთად წავალო, არადა ახლა სიხარულისგან უნდა ხტუნავდეს. ვინ ეპატიჟება გოგოს ექვსი თვით ადრე ბანკეტზე, აქ რაღაც უცნაური ამბავია და უნდა გავარკვიო აუცილებლად. გავიგებ რას ფიქრობს დათა, მე ხომ ვერ დავუშვებ ჩემს მეგობარს ბიჭმა გული ატკინოს. შაბათ-კვირაა, მე ნანას ვურეკავ, ის კი არასდროს რეკავს, მე ვსაყვედურობ და ვიცი, რომ რცხვენია, ამბობს დრო არ მაქვსო, მაგრამ მე არ მჯერა. თან რაც არ უნდა დაკავებული იყოს თავისი საუკეთესო დაქალისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოს, აბა დაქალი რის დაქალია, თუ ასე არ მოიქცა. თვითონ არაფერში არ სჭირდება დახმარება, ისეთი დამოუკიდებელია. მე კი სულაც არ ვარ ასეთი... ხოდა კეთილი ინებოს და დამეხმაროს ხოლმე რაღაც-რაღაცებში. დღეს დათას ველაპარაკებოდი სკაიპში. მითხრა ნანა დავპატიჟე ბანკეტზეო. ვერ ვხვდები ეს მე რატომ მითხრა, არა ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი მეგობარი მოსწონს. კლასში ყველაზე მაგარ ბიჭს ის არ მოსწონს, ტყუილია არ მჯერა. იცით ახლა მეორე გოგოც გამოჩნდა-სალი, მას ნანასთან ერთად უნდა ყოფნა სულ. ალბათ სალომესაც ეზარება მეცადინეობა, თუმცა ყველა ჩემნაირი რატომ მგონია?! შეიძლება მართლა მეგობრობა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩამოვიშორო გზიდან, თორემ ხელს შემიშლის. ერთადერთი გოგო უნდა ვიყო ნანასთვის, ვისთანაც ის მეგობრობს, თორემ შესაძლებელია ყველაფერს მიხვდეს და დამშორდეს მე კი ამას ვერ დავუშვებ. არა მგონია სალი ჩემთვის პრობლემას წარმოადგენდეს, ერთი-ორჯერ ვეტყვი ნანას, რომ არ მომწონს ეგ გოგო და თან ორმაგ ყურადღებას მოვითხოვ მისგან ისე რომ არ დარჩეს დრო სხვა დაქალების გასაჩენად. ბოროტი ვარ არა? ცხოვრებაა ეს და მე ვფიქრობ, რომ ამ საგანს ბევრად უკეთ ვფლობ ვიდრე ნანა ფიზიკას.