მე ვიცი, რომ ფული არ მაქვს, მანაც იცის, რომ მე ფული არ მაქვს. მე ვიცი, რომ ის არ მეტყვის, წავიდე სახლში. მანაც იცის, რომ არ მეტყვის სახლში წავიდე. მე ვიცი, რომ მე ვგავარ ძაღლს, რომელიც პატრონს, ლუკმის მოლოდინში ხელებში შეჩერებია. მან იცის, რომ მე ვგავარ ძაღლს, რომელიც ლუკმის მოლოდინში, პატრონს ხელებში შეჩერებია. ნახევრადსაყელოჩამოხეული კიტელი აცვია, მელოტ თავს ისე აქნევს, თითქოს დიასახლისმა, ეს ესაა საბანი გადმოფინაო მავთულზე გასამზეურებლად, უშნოდ იგრიხება და ულვაშებს აწვალებს, თითქოს მკბენარი ჰყავდეს და აწუხებდეს მათი ფუთფუთი. მე ვიცი, რომ მას სამი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ახლა არცერთი აღარ ჰყავს, გამოდის სამი ცხოვრება ჰქონდა, იქნებ ვცდებით? სამი ქალი _ სამი ცხოვრება, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ შევცდით როდესაც ვახსენეთ, რომ მას სამი ცხოვრება აქვს, რადგან მესამე წელია უცოლოდ არის და გამოდის მეოთხეც ერგო და ამას ცოლების გარეშე ცხოვრება ჰქვია, საკუთარი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მიამბო, დიდად ვერ დამაინთერესა-მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან მაშინ ყურადღებით ვუსმენდი, მერე ისიც გავიგე, რომ ყოფილი მუსიკოსია და ვიოლინოზე უკრავდა ოდესღაც, ახლა ლუდის ჩამომსხმელია, ქალაქის იმ უბანში სადაც ლამის ყოველდღე ვსტუმრობ ხოლმე, ეს არის ღია ბარი, თვითმომსახურება და მერე საათობით ერთ ადგილზე ჯდომა, ჩვეულებრივი ამბავია, ლოთებიც გამოივლიან ხოლმე, მაგრამ ესენი არ ჰგვანან ძველი ყაიდის ლოთებს, ახლა ლოთები მხრებზე ბავშვებშესმულნი დაიარებიან, მერე ერთი სამჯერ აივლ-ჩაივლიან, იქ სადაც ლუდს ჰყიდიან და თუ გაუმართლათ ვინმემ მიიპატიჟათ, გამოდის საღამომდე კულტურულად გამოთვრებიან, ბავშვს კი ვინმე წაიყვანს, ბოლო-ბოლო რა, სმას დაიწყებენ, ერთ საათში მოაკითხავენ და წაიყვანენ, რადგან მხოლოდ ამდენ ხანს ანდობენ პატარას. სულ ორი თვეა რაც ეს ადამიანი ლუდის ჩამომსხმელად მოგვევლინა, ჩვენ ვსაუბრობთ დილის ათი საათიდან დაახლოებით თორმეტამდე, სანამ თანამედროვე ლოთები შემოგვივლიან, ამ საათებში თუ დაელაპარაკება მას კაცი, სხვა დროს, სანამ არ მორჩება სამსახურს, ხმას არ იღებს. მე ვიცი რომ ის ლუდს უფულოდ არავის დაუსხამს, მანაც იცის რომ არავის უნდა დაუსხას უფულოდ ლუდი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. კარგი მოსაუბრეა, ეტყობა სამი ადამიანის გვერდით ყოლამ, თავისი დაღი დაასვა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა, არცერთი ცოლი არ გაუშვია, სამივე გარდაეცვალა, ხანდახან მგონია, რომ იგი მანიაკია და ქალები თავისი ხელით მიახრჩო, თორემ სხვა შემთხვევაში, როგორ ერთმა მაინც ვერ იცოცხლო ცოტა მეტ ხანს? ამ ჩემს ნააზრევს, ვიცი ვერ ვეტყვი, მანაც იცის რომ ასეთ რამეს ვერავინ ეტყვის და ყოველთვის ღიმილით საუბრობს ცოლებზე, თითქოს უხარია, ისინი უკვე კარგა ხნის წინ მოინელეს ჭიაღუებმა, თავად კი ჯერ კიდევ დაატარებს სხეულს, თუმცა ერთხელ წამოცდა, რომ სულ ტყუილად ხდება ასე, რადგან თუ იმ ჭიაღუების არა, რომლებმაც მისი ცოლები მიირთვეს, მათი შთამომავლობის ლუკმა მაინც გახდება. მე ვიცი რომ იგი სახლში არავის ეპატიჟება, მანაც იცის. . . თუმცა ერთხელ მაინც მითხრა, არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც, რომ საღამოს თუ გავუვლიდი მასთან წავიდოდით, მეც რადგან საქმე არა მქონდა, გავუარე საღამოსკენ, არ ესიამოვნა რომ დამინახა, თუმცა სხვა გზა აღარ ჰქონდა და წინ გამიძღვა, ახლოს ნაცხოვრება იქიდან, სადაც მუშაობს, ალბათ ამიტომ იყო სწორედ, რომ თანამედროვე ლოთები ეგრე თამამად შემოუვლიდნენ და ყოველთვის ისე ესალმებოდნენ, როგორც კარგა ხნის ნაცნობს. ქალაქი იზრდება, _ ამბობს და გზას აგრძელებს, ჩვენ ახლა ერთ-ერთ ჩიხში შევუხვიეთ, შმორის სუნი გვიწვავს ნესტოებს, ძველ შენობათა კედლებს ისე ამჩნევია სინესტის კვალი, როგორც ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფის ზეწარს შარდისა. _ სამყაროც იზრდება. . . გადმომხედა, _ რა იცი? ამბობენ, _ შეკუმშვით იზრდებაო. . . _ ალბათ, გამოდის ცნობიერებაც იზრდება ადამიანისა. . . _ გამოდის, როგორც სოციალიზმის მამამ ბრძანა ,,ყოფიერება ქმნის ცნობიერებას’’. . . _ საკამათოა, ეგრე რომ იყოს ყოფიერება დაემგვანება ნივთს, რომელიც უცვლელად გადაეცემა შთამომავლობას, არა და ყოფიერება სწორედ რომ ცვალებადობით ხასიათდება და ცნობიერების შეცვლა იწვევს ყოფიერების შეცვლასაც, სხვადასხვა დროში მცხოვრები ადამიანები, სხვადასხვა ცნობიერებით გამოირჩეოდნენ, ყოფაც სხვადასხვაგვარი ჰქონდათ. . . _ ურთიერთწარმოქმნა. . . _ ვამბობ და ვჩუმდები, რადგან იმ არკის წინ სადაც ის შედის, ვამჩნევ, კედელზე სპილენძის ფირფატას, რომელზედაც აწერია ადამიანის სახელი და გვარი და გვამცნობს ფირფიტა: ესა და ეს ადამიანი ოდესღაც ამ სახლში ცხოვრობდა, რა ერთ ადგილზე დგომა გამიგრძელდა და ალბათ მამაკაცს ფეხის ხმა აღარ მოესმა, მოტრიალდა, ამით მანიშნა რომ გელოდებიო, მეც კითხვას თავი მივანებე, რადგან ფირფიტაზე ამოტვიფრულმა სახელმა და გვარმა ვერაფერი სახეირო მამცნო, ვერც ის გავიგე ვინ იყო იგი. _ ვინ იყო? _ არ ვიცი. _ ეგ როგორ? _ ისე რომ არ ვიცი, არც არავინ იცის, უბრალოდ ფირფიტა ინახავს ხსოვნას ვიღაცის შესახებ, მხოლოდ სახელი და გვარი კი არაფერს ამბობს. _ არც არავის ახსოვს აქ მცხოვრებთ? _ არავის, იქნებ მარტო ცხოვრობდა და არ ჰყვდა შთამომავლობა, თუმცა მაშ ფირფიტა ვინ გააკრა, ეს კითხვები ჩვენც გვაწუხებს. _ თუ არავინ იცნობს, რატომ არ ხსნით ფარფიტას? _ იყოს, რას აშავებს, როგორც წლებიდან ჩანს, ახალგაზრდა მომკვდარა, ეგებ ეგ არის მიზეზი, რომ შთამომავლობა არ ჰყავდა, ფირფიტა კი ოჯახის წევრებმა გაუკეთეს, მერე აქედან გადავიდნენ. გზას ვაგრძელებთ, შევდივართ ეზოში, იქ კი როგორც იტალიურ ეზოს ახასიათებს, გადმოფენილია ოთხივე მხარეს: ზეწრები, საბნები, გასამზეურებლად და ქანაობს, ისე როგორც ჩემი მხლებლის მოსვლეპილი თავი, ლუდის ჩამოსასხმელ დახლთან. _ გეტყობა ბევრს კითხულობ? _ არც ისე. . . ვერიდები. . . _ რატომ? _ ვხვდები, რომ ისე არ არის ყველაფერი როგორც ამბობდნენ. . . _ ჰო, ალბათ წიგნის კითხვა ყველაზე გაბედული ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში, თავდაყირა დგება ხშირ შემთხვევაში ყველაფერი, მაგრამ ცნობისმოყვარეობას შეუძლია მხოლოდ, შიშს სძლიოს! კიბეებს მივუყვებით, ჭრიალებს მოაჯირი, შემეშინდა, რომ არ გადაწოლილიყო და ხელს ვუშვებ, მერე დერეფანიც გავიარეთ, ერთი ოთახის კარს, რომელიც ისედაც ნახევრად ღია იყო, აწვება მამაკაცი, რომელიც რა ეზოში ფეხი შემოვდგით, გამოდის მასპინძლად მექცა და უკან მივყვები. ოთახი პატარაა, მხოლოდ ერთი ფეხებმონგრეული მაგიდა, ნახევრადგაქონილი გადასაფარებელი, ტანსაცმლის საკიდური და საწოლი დგას, ფარდით გაღობილ მეორე ოთახისკენ გამექცა მზერა, იქ ალბათ სამზარეულოა, მამაკაცი ხელით მანიშნებს, რომ თუ დაჯდომა მინდა საწოლზე უნდა ჩამოვჯდე, ასეც ვიქცევი და ის სწორედ ფარდის იქით მიიმალება, ცოტა ხანში, შემოაქვს გატენილი ჩიბუხი, მალე ოთახი კვამლით გაივსო, ხმას არ იღებს, მე ვიცი რომ ის საუბრის დამწყები არ არის, მანაც იცის, ამიტომ ჯერჯერობით კედლების თვალიერებით ვკმაყოფილდები და რა სამი ქალის სურათს მოვკარი თვალი, კედელზე რომ გაუწიკწიკებია, ჰორიზუნტალურ მდგომარეობაში ადამიანის მარჯვენას, გავიფიქრე მასპინძლის ცოლების შავ-თეთრი ფოტოები ჰკიდია იქ, ხოლო აზრად მომივიდა, მას მრავალფეროვანი ცხოვრება ექნებოდა, ამით კი ჩემი ეჭვი გამყარდა, თითქოს სწორედ მრავალფეროვნებისთვის დახოცა ცოლები ერთმანეთის მიყოლებით. _ მარცხნიდან პირველი, პირველი ცოლია, მერე კი თანმიმდევრობით, მეორე, მესამე, მანიაკი გგონივარ? აი შევცდი, მე კი ვიცოდი რომ ის საუბარს არ დაიწყებდა, მაგრამ მან იცოდა რომ დაიწყებდა. შევცბუნდი, მეგონა რომ ტვინში შემიძვრა. _ ახლა აქედან წასვლაზე ფიქრობ. . . ცივი ოფლი მასხამს. _ გეჩვენება რომ შენს აზრებს ვკითხულობ, ტყუილად გგონია ეგრე, უბრალოდ შენსავით ფიქრობს ყველა, ვინც ჩემს შესახებ რამეს შეიტყობს, აი მიზეზი რის გამოც ვხვდები, რასაც ფიქრობთ, ერთმანეთს ჰგავხართ, _ რთულია.. . . _ რა არის რთული? _ ამოვიღე ძლივს ხმა. _ ამდენი ცხოვრებით ცხოვრება, ეგებ იმ ფირფიტის ავტორივით ახალგაზრდა სიკვდილი სჯობს. . . _ შენ რა იმ სევდით აღგზნებული რომანტიკოსივით მოგდის, სხვის ყმაწვილურ ასაკში სიკვდილს, რომ ეტრფის, თუმცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრი ზარავს. . . _ ჰოო, არ ვიცი. . . _ წამოდგა, შევატყვე რომ დაიბნა, გადავამლაშე მომეჩვენა. ფარდის იქით გადის, ცოტა ხანში ვიოლინოთი ხელში ბრუნდება, ხემს იმარჯვებს და უკრავს, მუსიკის დროს თვალებს ხუჭავს, ცოლების ფოტოებს შიგადაშიგ გახედავს, ვერ გავიგე რას აკეთებს, ან იმათ რატომ უყურებს. როგორც იქნა მორჩა დაკვრას. _ რით გარდაიცვალნენ? _ ვეკითხები. _ ჩემი ცხოვრებით. ჰერიჰააა, ეს ვერ არის, ვფიქრობ ჩემთვის, ის კი აგრძელებს: _ სივრცე არ ეყოთ, იცი სივრცე როგორ უნდა აღიქვა? სიტყვის დაძვრას არ მაცდის. აგრძეელებს, _ გინახავს ალბათ, ზაფხულში ერთ წერტილში იყრიან, ოთახში ბუზები თავს, დააკვირდი მათ, ცოტა ხანს უყურე დაჟინებულად, ისინი თითქოს ქაოტურად მოძრაობენ, ხან ზემოთ ადიან, ხან ქვემოთ ჩაიფრენენ, ხან შენკენ წამოვლენ ხან კიდევ დაგცილდებიან, მაგრამ რაღაც ძალა ექაჩებათ მანძილი შეინარჩუნონ ერთმანეთთან, თითქოს ერთ ორბიტაზე მოძრაობენ, მერე კი ამ ბუზებს შორის მანძილის დაშორება, შემოკლებას დააკვირდი, აი სივრცის აღქმის საუკეთესო საშუალება. . . სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი გავიგე, ვინანე კიდეც რომ წამოვყევი, ის კი დაკვრას განაგრძობს, ოთახში კი კედლებზე შპალერი ჩამოხეული გახლავთ, ენას მაგონებს თითოეული ჩამოკონწიალებული ნახევი, იმ ენას, ზაფხულობით, ძაღლი რომ გადმოაგდებს სიცხისგან შეწუხებული.
• * * მე ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ. მანაც იცის რომ დამნაშავე არ ვარ. მე ვიცი, რომ ბრალი არ მიმიძღვის მამაკაცის სიკვდილში და ის თვითონ გადახტა ფანჯრიდან. მანაც იცის, რომ მე ბრალი არ მიმიძღვის მამაკაცის სიკვდილში და ის თავისი სურვილით გადახტა ფანჯრიდან. მე ვიცი, რომ მამაკაცი, რა მისგან წამოვედი შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. მან იცის, რომ რა მე მისგან წამოვედი, მამაკაცი შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას, რათა გაირკვეს დრო, როდის გადახტა მამაკაცი ფანჯრიდან და ამით დამტკიცდეს, მე მანამდე გამოვედი მისი ოთახიდან, ვიდრე ის გადახტებოდა. ის ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა გაირკვეს დრო, როდის გადახტა მამაკაცი ფანჯრიდან და ამით ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდეს. მე ვიცი თუ მამაკაცი, რა მე მისი ოთახიდან გამოვედი, მალე გადახტა ფანჯრიდან და დროის ცდომილება მის გარდაცვალებასა და ოთახიდან გამოსვლას შორის, თუ უმნიშვნელო იქნა, ვერ წამივა კარგად საქმე. მან იცის, თუ მამაკაცი რა მე მისი ოთახიდან გამოვედი, მალე გადახტა ფანჯრიდან და დროის ცდომილება მის გარდაცვალებასა და ოთახიდან გამოსვლას შორის, უმნიშვნელო იქნა, ვერ წამივა კარგად საქმე. მე ვიცი, რომ სისხლისსამართლის საქმე აღიძრა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ახლა გამომძიებლის კაბინეტში ვზივარ. მე ვიცი, რომ მის საცხოვრებელი ადგილის კედელს, ფირფიტას არავინ მიამაგრებს